მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფინანსებიდან, ამ ეტაპზე, 90 000-მდე ლარი დახარჯა.
რადიო „მარნეულს“ მერიის საზოგადოებსასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ უთხრა, რომ მუნიციპალიტეტმა 90 000-მდე ლარი მოწყვლადი ჯგუფებისათვის სასურსათო პროდუქტების შესაძენად დახარჯა.
მერიაში ჯერ-ჯერობით ვერ აკონკრეტებენ, თუ რა ღირს ერთი პაკეტი, რომელშიც ძირითადად ფქვილი, პური, ბრინჯი, წიწიბურა, ზეთი და პირველადი მოხმარების არამალფუჭებადი პროდუქტები შედის.
„მერიას ხელშეკრულება გაფორმებული აქვს სხვადასხვა კომპანიებისაგან, რომლებიც პროდუქტებს სხვადასხვა ფასად გვაწვდის, ამიტომ, ამ ეტაპზე ერთი პაკეტის ღირებულების თქმა რთულია,“ – გვითხრა მარიამ ხაჩიძემ
მარნეულის მერის მრჩეველმა ახალგაზრდულ საკითხებში ადილ ალიევმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ ამ ეტაპზე მერიამ 7 700-მდე პაკეტი გასცა.
კორონავირუსის პრევენციისათვის მარნეულის მერიის სარეზერვო ფონდიდან 300 000 ლარი გამოიყო.
30 მარტს, მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა გააკეთა განმარტება, თუ ვინ მიიღებს დახმარებას მარნეულის მერიისაგან.
„ჩვენ ვეხმარებით მარტოხელა მოხუცებს, ვისაც არააქვს შესაძლებლობა რომ გავიდნენ სახლებიდან არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩვენ ვეხმარებით მოქალაქეებს, რომელთა სოციალურად დაუცველის სტატუსი გაუქმებულია და არსებულ ვითარებაში რთულ სიტუაციაში არიან. ჩვენ ვეხმარებით იმ ხალხს, ვინც არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე დაკარგა სამსახური და მცირე, ყოველდღიური შემოსავალი ჰქონდა. ჩვენ ვეხმარებით იმ ხალხს, ვინც იძულებით კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფება,“ – განაცხადა ზაურ დარგალმა.
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა დღეს 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.