მარნეულში საპროტესტო აქციები იწყება. გუშინ საღამოს კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ, მარნეულში გადაღებული კადრები გავრცელდა. ადგილობრივები ავტომობილის სიგნალებით და სასტვენების გამოხატავდნენ პროტესტს საკარანტინო რეჟიმის მიმართ. ინფორმაცია მარნეულის რადიომ გაავრცელა.
როგორც გამოცემა წერს, 14 აპრილს დილიდან, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აქცია #დაასიგნალე, #გააპროტესტე იგეგმებოდა.
აქციის ორგანიზატორების ვინაობა უცნობია.
აქციის ორგანიზატორები ე.წ. წითელი ზონის გაუქმებას და სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას ითხოვდნენ. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, ასევე ითხოვდნენ სოცალურად დაუცველი ოჯახებისთვის საკმარისი დახმარების გაწევას სახელმწიფოს მხრიდან.
საპროტესტი აქციას შეუერთდა მარნეულელი ფუად გახრამანოვიც.
„დანამდვილებით არ ვიცი ვისი ინიციატივით დაორგანიზდა ეს აქცია. ვიცი რომ მოსახლების ნაწილმა დააორგანიზა. ვუერთდები ამ აქციას რომ სახელმწიფომ სათანადო დახმარება გაუწიოს მათ, ვისაც სჭირდება. ასევე შექმნან გარემო, რომ მოსახლეობა საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის საშუალება ჰქონდეთ. მაღაზიები გახსნან და ვაჭრობა შეძლონ“ ამბობს გახრამანოვი.
აქციის შესახებ ინფორმაციაში ასევე წერია, რომ მსგავს პროტესტს ყოველდღიური სახე მიეცემა და კომენდანტის საათის ამოქმედებიდან რამდენიმე წუთი გაგრძელდება.
საპროტესტო აქციის ტექსტი ასეთია:
გააზიარე, დაიცავი უფლება
ძვირფასო მარნეულელო და ბოლნისელო ხალხო.
ქალაქის და ჩვენ სოფლების წითელ ზონად გამოცხადების მოხსნასა და სამუშაო ადგილების დაბრუნებისთვის საპროტესტო ზომებს მივმართავთ.
აქცია კანონის ფარგლებში ჩატარდება.
საპროტესტო აქციის პირობები:
14 აპრილის გამკაცრებული კარანტინის რეჟიმის პირობებში ყოველ საღამოს 21:00 -21:05 საათიდან თქვენი სახლის ეზოებში გაჩერებულო მანქანებიდან სიგნალებს ვუშვებთ.
კომენდანტის საათის დროს სახლიდან გასვლა აკრძალულია, ამიტომ, საკუთარი სახლებიდან შემოგვიერთდით.
გთხოვთ, საპროტესტო აქციაში მონაწილეობის დროს ვიდეობი გადაიღოთ და სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნოთ. ვეცადოთ გავაგებინოთ მთელ საქართველოს და მსოფლიოს, რომ სხვა გზა არ გვაქვს.
მოთხოვნა:
გამკაცრებული კარანტინი გაუქმდეს და მოსახლება სამუშაო ადგილებს დაუბრუნდეს, სანამ წითელი ზონის სტატუსი იმოქმედებს, მოსალხებას სათანადო დახმარება გაუწიონ
#დაასიგნალე_#გააპროტესტე
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.
1 აპრილს კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ბოლნისი ჩაიკეტა სრულად.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა დღეს 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.