ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, ინფექცია დაუდასტურდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმსა და სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლის შვილს.
„ორი ფაქტი მიემატა ბოლნისის მუნიციპალიტეტს. სამწუხაროდ, ერთი არის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმი ქალბატონი და სასწრაფოს ავტომობილის მძღოლის ოჯახის წევრი, შვილი. ჯამურად მივიღეთ 20 დადასტურებული ფაქტი ბოლნისში. ბოლნისში სოფელ სავანეთთან დაკავშირებით გაზრდილი რისკები იყო“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
მისი თქმით, არსებული ვითარება განიხილეს და სოფელი სავანეთი დაიკეტება.
„მდგომარეობა განვიხილეთ და დღეს უკვე შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ სავანეთი გადაიკეტება, სოფელში განხორციელდება საკარანტინო რეჟიმი. 38 სამედიცინო პერსონალი იყო დაკვირვების ქვეშ. ისინი მკაცრი კარანტინის სივრცეებში არიან გადანაწილებული. ექვსთან აღებულია საკვლევი მასალა და ველოდებით პასუხს“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.
1 აპრილს კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ბოლნისი ჩაიკეტა სრულად.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა დღეს 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.