კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში კონტროლი მკაცრდება

462

წინა სტატია

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში კონტროლი მკაცრდება. სამართალდამცველები სოფლის მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ სახლიდან გამოსვლისგან თავი შეიკავონ. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს, კორონავირუსი  დაუდასტურდა. როგორც სოფელ ხოვლეს გამგებელი თამაზ ხუციშვილი აცხადებს, მამაკაცი საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში 12 აპრილს გადაიყვანეს.

ამასთან, ცნობილია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელია და ის საპატრიარქოს დაცვაში მუშაობდაო. სამსახურში კი სოფლიდან დადიოდა.

როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საპატრიარქოში შესასვლელს აკონტროლებდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.