აურზაური კასპის საკრებულოს თავმჯდომარის ქონებრივ დეკლარაციებში

413

წინა სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

შოთა ბეგლარაშვილი “ქართული ოცნებიდან” კასპის საკრებულოს თავმჯდომარე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. მანამდე, 2016 წლიდან, ის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარე იყო და შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაცია ყოველწლიურად, 7-ჯერ აქვს შევსებული, მათ შორის ბოლო დეკლარაცია – 2022 წლის თებერვალში.

შოთა ბეგლარაშვილს ოჯახის წევრად მითითებული ჰყავს მხოლოდ დედა.

ფლობს მხოლოდ ერთ უძრავ ქონებას, 2020 წელს მემკვიდრეობით მიღებულ 8313 კვ.მ მიწის ნაკვეთს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი დოესში 25%-ით. მეწილეები არიან: ხათუნა ბეგლარაშვილი და მშობლები – აკაკი ბეგლარაშვილი და თინა ბეგლარაშვილი.

კასპის საკრებულოს თავმჯდომარეს ავტომანქანა არ ჰყავს. არ მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში, არ ფლობს ფასიან ქაღალდებს და არ მიუღია იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ჩაწერილიყო.

დეკლარაციის შევსების დღეს, “ლიბერთი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 47,79 ლარის დავალიანება ჰქონდა, ხოლო “საქართველოს ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე 75,2 ლარი ედო.

შოთა ბეგლარაშვილს “ლიბერთი ბანკიდან” 2018 წელს გამოუტანია 10 000 ლარის სამომხმარებლო სესხი, რომელიც 2022 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, დეკლარაციის შევსებიდან 2 თვეში და დიდი ალბათობით, ეს სესხი სრულად დაფარულია.

რაც შეეხება შოთა ბეგლარაშვილის შემოსავლებს, მას კასპის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეობიდან 2021 იანვრიდან 12 დეკემბრამდე 13 380,55 ლარის შემოსავალი მიუღია. უკვე 2021 წლის 12 დეკემბრიდან კი, ის უკვე კასპის საკრებულოს თავმჯდომარეა და 19 დღეში 1935,65 ლარის ანაზღაურება მიუღია.

შოთა ბეგლარაშვილს შემოსავალი სოფლის მეურნეობიდანაც აქვს მიღებული, მას 2021 წელს 7 000 ლარი მიუღია.

ბეგლარაშვილს პირველი დეკლარაცია 2017 წელს აქვს შევსებული, როცა კასპის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამ დროს ოჯახის წევრებად დედა და მამა ჰყავს მითითებული. უძრავი ქონების ნაწილში კი ცოტა არეულობაა.

2017 წელს შოთა ბეგლარაშვილი 4 უძრავ ქონებას ფლობდა სოფელ დოესში. მათ შორის, 130 კვ საცხოვრებელ სახლს, რომელსაც უწერია, რომ 1938 წელს მემკვიდრეობითაა მიღებული, მაშინ, როცა შოთა ბეგლარაშვილი ჯერ დაბადებულიც არ იყო. გარდა ამისა, ფლობს 1992 წელს პრივატიზაციით მიღებულ 200 000 კვ.მ, 47 000 კვ.მ და 80 კვ.მ მიწის ნაკვეთებს. 3 მიწის ნაკვეთის ფართობი ჯამში 247 090 კვ.მ-ია. 2018 წელს ყველა ეს ქონება მამის, აკაკი ბეგლარაშვილის სახელზეა გაფორმებული. 2019 წელს ქონება ისევ 4-ია და ისევ მამის სახელზეა, თუმცა, ამჯერად, 130 კვ.მ საცხოვრებელი სახლის გარდა, არსებული 3 უძრავი ქონების მონაცემები შეცვლილია. 2019 წელს მამა ფლობდა 1938 წელს მემკვიდრეობით მიღებულ 400 კვ.მ მიწის ნაკვეთს, ასევე 2008 წელს 550 ლარად ნაყიდ 39 998 კვ.მ ნაკვეთსა და ამ ქონებასთან ერთად შეძენილ 106 კვ.მ ნაკვეთს. გამოდის, რომ 2019 წელს მამა ფლობდა 4504 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რაც 242 586 კვ.მ-ით ნაკლებია, ვიდრე გასულ წლებში მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთების საერთო ფართობი. სად წავიდა მიწის ნაკვეთები, გაურკვეველია და არც შენიშვნაა გაკეთებული, რომ მონაცემები შეცდომით არის შეყვანილი.

2020 წელს მამის ქონება უცვლელია. მას ემატება თავად შოთა ბეგლარაშვილის 2 უძრავი ქონებაც – 1992 წელს მემკვიდრეობით მიღებული 342 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელ დოესში, რომელსაც 25% წილით ფლობს მშობლებთან და დასთან ერთად. ასევე, 25%-იანი წილით ოჯახის წევრებთან ერთად ფლობს 200 კვ.მ მინიფერმას სოფელ დოესში, რომელზეც აღნიშნულია, რომ 1992 წელს მიუღია მემკვიდრეობით. 1992 წელს მემკვიდრეობით მიღებული ეს 2 უძრავი ქონება წინა დეკლარაციებში რატომ არ ეწერა, გაურკვეველია. 2021 წელს ოჯახის წევრებში მამა უკვე აღნიშნული არ არის, ამიტომაც, მამის სახელზე არსებული 4-ვე ქონებაც ქრება. რჩება მხოლოდ შოთა ბეგლარაშვილის სახელზე არსებული 2 ქონება სოფელ დოესში – 200 კვ.მ მინიფერმა და 8313 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მიწერილია, რომ “მამა-პაპურია” და 2020 წელს დარეგისტრირდა. საგულისხმოა, რომ წინა წელს შოთა ბეგლარაშვილის მფლობელობაში არსებული ნაკვეთი 342 კვ.მ იყო, 2021 წელს კი ის უკვე 7 971 კვ.მ-ით მეტ ფართობს ფლობს. 2022 წლის დეკლარაციაში უკვე მინიფერმა აღარ წერია და საკრებულოს თავმჯდომარე მხოლოდ ერთ – 3813 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს.

2019 წლის დეკლარაციით ვიგებთ, რომ მამა, აკაკი ბეგლარაშვილი, 2005 წლიდან ინდმეწარმედ იყო რეგისტრირებული, თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია რატომღაც პირველად  2019 წლის დეკლარაციაში ჩნდება. მამის მეწარმეობაზე ინფორმაცია მხოლოდ 2019-2020 წლების დეკლარაციაშია ჩაწერილი. ამ წლებში მას შემოსავალი მიღებული არ აქვს.

რაც შეეხება შემოსავლებს. შოთა ბეგლარაშვილი 2016-2021 წლებში კასპის საკრებულოს კულტურის, სპორტის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო და 6 წლის განმავლობაში, ჯამში, 101 580 ლარის ანაზღაურება აქვს მიღებული: 2016 წელს – 24 300 ლარი; 2017 წელს – 17 550 ლარი; 2018 წელს – 17 550 ლარი; 2019 წელს -14 400 ლარი; 2020 წელს – 14 400 ლარი; 2021 წელს – 13 380,55 ლარი.

საკრებულოს თავმჯდომარეს დეკლარაციაში სოფლის მეურნეობაში დახარჯული თანხები და  მიღებული შემოსავლებიც აქვს ჩაწერილი. აღნიშნულია, რომ 2016 წელს ბლის, ვაშლის, ატმის და გარგარის მოსაყვანად 2400 ლარი დახარჯა, ხოლო ამ ხილის გაყიდვით  3 300 ლარი მიიღო; 2017 წელს ხილის მოსაყვანად 1970 ლარი დაუხარჯავს, ხოლო მისი გაყიდვით 2 900 ლარის შემოსავალი მიუღია; 2018 წელს ხილის მოსაყვანად 1600 ლარი აქვს დახარჯული, ხოლო ხილის რეალიზებით 4 700 ლარი მიუღია. 2019 წელს 3 800 ლარის შემოსავალი მიუღია. ხარჯების ნაწილში არაფერია აღნიშნული. 2020 წელს 4 200 ლარის შემოსავალი მიუღია, ხოლო 2021 წელს – 7 000 ლარის შემოსავალი.