დღეს დილიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ეპიდემიოლოგები იმ ოჯახების წევრებს იკვლევენ, ვისთანაც კორონავირუსით დაინფიცირებულს კონტაქტები ჰქონდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
სოფლის წარმომადგენლის, ბაჩო (თამაზ) ხუციშვილის განცხადებით, მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდება. საეჭვო შემთხვევების შესახებ, ის ინფორმაციას არ ფლობს.
სოფელში მუშაობენ ასევე კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებიც. ცენტრის ხელმძღვანელის დირექტორის, ნანა ნინოშვილის თანაშემწე ამბობს, რომ შუადღის 13 საათამდე არც ერთი საეჭვო სიმპტომი არაა გამოვლენილი.
დღეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც სამთავრობო დაცვის სამსახურში მუშაობს, კორონავირუსი დაუდგინდა. ის თბილისში, კლინიკაში 12 აპრილს მიიყვანეს.
დაინფიცირებული მამაკაცი საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელია. ეს ინფორმაცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს დაუდასტურა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.