ავტორი: ანანო გოშაძე
რა მდგომარეობა იყო 2018-2022 წლებში მუნიციპალურ ბიბლიოთეკებში, რამდენი ახალი ბიბლიოთეკა აშენდა, რამდენს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რამდენით დაფინანსდა ჯამში აღნიშნული ბიბლიოთეკები და ამ დაფინანსებიდან რამდენი მოხმარდა წიგნების შეძენას 5 წლის განმავლობაში – droa.ge-მ აღნიშნული ინფორმაცია შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა.
გორის მუნიციპალიტეტი
გორის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ორი – ცენტრალური საჯარო ბიბლიოთეკა და ახალგაზრდული ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს და ისიც – მხოლოდ ქალაქში. მუნიციპალიტეტის 136 სოფელში კი არცერთი ბიბლიოთეკა არ არის.
ორი არსებული ბიბლიოთეკიდან ერთს – ახალგაზრდულ ბიბლიოთეკას რეაბილიტაცია 2019 წელს ჩაუტარდა და მასზე 16 760 ლარი დაიხარჯა.
როგორც მუნიციპალიტეტიდან მიღებულ ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ, 2017 წლის ბოლოს, რეორგანიზაციის შედეგად, ბიბლიოთეკები ა(ა)იპ “კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს” შემადგენლობაში შევიდნენ და 2018 და 2019 წლებში მათი დაფინანსება ცალკე აღარ მომხდარა. “ის მთლიანი რესურსების შემადგენლობაში იქნა გათვალისწინებული”, – გვწერენ მუნიციპალიტეტიდან, თუმცა, არ აკონკრეტებენ, ამ მთლიანი რესურსების რა წილი მოდიოდა ბიბლიოთეკებზე.
რაც შეეხება 2020, 2021 და 2022 წლებს, ოფიციალური ინფორმაციით, მუზეუმების, ბიბლიოთეკების და მწერალთა სახლისთვის ბიუჯეტის შესაბამის მუხლში დაფინანსება ასე განისაზღვრა: 2020 და 2021 წლები – 352 900-352 900 ლარი, ხოლო 2022 წელი 432 000 ლარი.
“კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს” ცნობით, მუნიციპალიტეტის მერიას 2018-2022 წლებში ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შესაძენად თანხა არ გამოუყვია, თუმცა, ბიბლიოთეკებმა მაინც მოიძიეს რესურსი წიგნადი ფონდის გასაახლებლად: წიგნების შეძენა ერთხელ მაკულატურის ჩაბარებით შეგროვებული თანხით შეძლეს, მეორედ – კულტურის სამინისტროს მიერ გაცემული ვაუჩერით, მესამედ – ამერიკის საელჩოს მიერ ნაჩუქარი წიგნებით. ბიბლიოთეკებს წიგნებს სხვადასხვა ავტორი და გამომცემლობაც ჩუქნის წიგნებს. ორგანიზაციის ცნობით, ჯამში, ამ ხუთი წლის განმავლობაში, 10 255 ლარის ღირებულების წიგნებით შეივსო ორივე ბიბლიოთეკა. თანხებმა 2018 წელს – 2 450 ლარი, 2019 წელს – 2 475 ლარი, 2020 წელს – 295 ლარი, 2021 წელს – 4 255 ლარი, ხოლო 2022 წელს 780 ლარი შეადგინა.
ქარელის მუნიციპალიტეტი
ქარელის მუნიციპალიტეტში ერთი – ქარელის მთავარი ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს და მას, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
2018-2022 წლებში ქარელის მერიამ ბიბლიოთეკა 213 364 ლარით დააფინანსა. კერძოდ, 2018 წელს – 40 000 ლარით, 2019 წელს – 42 918 ლარით, 2020 წელს – 41 300 ლარით, 2021 წელს – 42 646ლარით, ხოლო 2022 წელს – 46 500 ლარით.
რაც შეეხება წიგნების ფონდის შესავსებად გამოყოფილ თანხებს, მერიამ 2018 წელს 2 500 ლარი, 2019 წელს – 2 000, 2020 წელს – 1 995, 2021 წელს – 2 000, 2022 წელს კი 1 300 ლარი გამოყო.
კასპის მუნიციპალიტეტი
კასპის მუნიციპალიტეტში 4 ბიბლიოთეკაა: მთავარი ბიბლიოთეკა, საქალაქო ბიბლიოთეკა, ასევე, ქვემო ჭალისა და მეტეხის სასოფლო ბიბლიოთეკები;
როგორც მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციით ხდება ცნობილი, მეტეხის სასოფლო ბიბლიოთეკა 2020 წელს გაიხსნა. დანარჩენ ბიბლიოთეკებს კი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
2018-2022 წლებში მუნიციპალიტეტის მერიამ ბიბლიოთეკები ჯამში 1 006 825 ლარით დააფინანსა: 2018 წელს – 182 065 ლარით, 2019 წელს – 181 580 ლარით, 2020 წელს – 200 234 ლარით, 2021 წელს – 213 091 ლარით, ხოლო 2022 წელს – 229 855 ლარით.
ამავე ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის ოთხი ბიბლიოთეკის წიგნების ფონდის შესავსებად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 18 801 ლარი დაიხარჯა: 2018 წელს – 4 035, 2019 წელს – 4 450, 2020 წელს – 4 555, 2021 წელს – 3 781, ხოლო 2022 წელს – 1980 ლარი.
ხაშურის მუნიციპალიტეტი
ხაშურის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ ექვსი ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს – ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა, საბავშვო განყოფილება, მინის ტარის დასახლების, სურამის, ცხრამუხისა და ხცისის სასოფლო ბიბლიოთეკები. ყველა მათგანი კი ა(ა)იპ “ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანებაშია” გაერთიანებული.
მერიის ინფორმაციით, 2021 წელს მინის ტარის დასახლების ბიბლიოთეკას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რისთვისაც 39 580 ლარი დაიხარჯა.
2018-2022 წლებში ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიბლიოთეკები ჯამში 845 100 ლარით დააფინანსა. კერძოდ, 2018 წელს – 145 000 ლარით, 2019 წელს – 164 100 ლარით, 2020 წელს – 163 700 ლარით, 2021 წელს – 179 800 ლარით, ხოლო 2022 წელს – 192 500 ლარით.
რაც შეეხება წიგნების შესაძენად გამოყოფილ თანხებს, მერიამ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 33 309 ლარი დახარჯა: 2018 წელს – 6 689, 2019 წელს – 5 797, 2020 წელს – 6 483, 2021 წელს – 6 955, ხოლო 2022 წელს – 7 385 ლარი.