კასპის მერია 80 ბენეფიციარისთვის უფასო კვების მომსახურებას შეისყიდის

410

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი 2023 წელს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უმწეო მოქალაქეთა (80 ბენეფიციარი), უფასო კვებით მომსახურეობის შესყიდვისთვის, რისთვისაც 136 680 ლარი გაითვალისწინა.

უწყებას სურს, რომ ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ უზრუნველყოს კასპის ტერიტორიაზე მცხოვრები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი 80 მოქალაქის ყოველდღიური (გარდა კვირა დღისა), ერთჯერადი კვების ორგანიზება უფასო სასადილოში 13:00 საათიდან 15:00 საათამდე.

“უფასო სასადილოს ფართში უნდა იყოს ყველა პირობა შექმნილი, კედელზე უნდა დამაგრდეს ტელევიზორი, გათბობის სეზონზე უნდა იყოს სითბო. დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები, მაგიდაზე ყოველთვის უნდა ელაგოს ქაღალდის ხელსაწმენდები”, – ნათქვამია სატენდერო პირობებში.

კომპანიამ ბენეფიციარებს აღნიშნული მომსახურება 2023 წლის 1 იანვრიდან – 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაუწიოს.