მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე დიმიტრი კორძახია საქართველოში დამზადებული პირბადის ხარისხის შესახებ ფეისბუქზე წერს. მეცნიერმა პირბადის შემადგენლობა მიკროსკოპულად შეისწავლა.
„მეგობრებო, მეც დავინტერესდი ქართული პირბადეების ანალიზით.
მიკროსკოპში დაკვირვებამ აჩვენა, რომ ქართული მარლის ძაფის სისქე შეადგენს დაახლოებით 80 მიკრონს (ამასთანავე, ის საკმაოდ „ბუსუსიანია“), ხოლო მარლის ფანჯრის შიდა კვადრატის (ე.წ. გამავალი ფანჯრის) გვერდის ზომა არ აღემატება 480-500 მიკრონს (ფოტო #1)
წვეთის ზომა, რომელშიც „ზის“ Covid19 ვირუსი აღემატება 5 მიკრონს და მერყეობს ფართო ფარგლებში (ხშირად 100 მიკრონი და მეტია).
ქართული წარმოების პირბადე შეიცავს 12 ფენა მარლას. ამ ფენების ძაფების ურთიერთგადაფარვის შემთხვევაში, პრაქტიკულად არ რჩება 5 მიკრონის ზომის ნაპრალი. ალბათობის თეორიის სპეციალისტებს ვთხოვ, დაგვიანგარიშონ სხვადასხვა ზომის ნაპრალების დარჩენის შესაძლებლობის სიხშირე.
ფოტო #2 უჩვენებს მარლის 6 ფენის არსებობის დროს მიღებულ ვითარებას.
ფოტო #3 უჩვენებს მარლის 12 ფენის არსებობის დროს მიღებულ ვითარებას (შუქი ცუდად ატანს, რის გამოც ქვემო ფენების ძაფების გარჩევა, განსხვავებით #2 ფოტოსგან, ვეღარ ხერხდება).
ამდენად, ქართული წარმოების პირბადე მაინც იცავს!
p.s. მუშაობის არსებულ პირობებში უკეთესი მიკროფოტოგრამები ვერ გადავიღე, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი.
ის მაინც იცავს!მეგობრებო, მეც დავინტერესდი ქართული პირბადეების ანალიზით.მიკროსკოპში დაკვირვებამ აჩვენა, რომ ქართული…
Posted by Dimitri Kordzaia on ორშაბათი, 13 აპრილი, 2020
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში შეკერილი პირბადე სრულიად აკმაყოფილებს დაცვის კუთხით არსებულ მოთხოვნებს.
საქართველოს აფთიაქებში ქვეყანაში წარმოებული პირბადეების გაყიდვა 8 აპრილიდან დაიწყო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ ი დირექტორის განაცხადებით, პირბადეების გადაჭარბებული და არასწორი მოხმარება უსარგებლოა.
ეკონომიკის სამინისტრომ პირბადეების წარმოებით დაინტერესებული საწარმოებისთის განცხადება გაავრცელა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.