ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში შეკერილი პირბადე სრულიად აკმაყოფილებს დაცვის კუთხით არსებულ მოთხოვნებს.
მისივე ინფორმაციით, პირბადეების დამზადების პროცესში რეკომენდაციების მიცემის კუთხით ჩართული იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრიც.
„პირბადეებთან დაკავშირებით იყო არაერთი მითქმა -მოთქმა. ჩვენთვის ცნობილია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრიც აქტიურად იყო ჩართული რეკომენდაციების მიცემის კუთხით. ჩვენ ასევე გავიარეთ შემდეგ გარკვეული კონსულტაციები ამ პირბადეებთან დაკავშირებით და იმ დაცვის კომპონენტს, რომელიც უნდა უზრუნველყოს ამ სახის პირბადემ, ის სრულად აკმაყოფილებს,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოს აფთიაქებში ქვეყანაში წარმოებული პირბადეების გაყიდვა 8 აპრილიდან დაიწყო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განაცხადებით, პირბადეების გადაჭარბებული და არასწორი მოხმარება უსარგებლოა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 230 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 54 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.