საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ დღეიდან საქართველოს აფთიაქებში ქვეყანაში წარმოებული პირბადეების გაყიდვა დაიწყო.
„დღეიდან ჩვენი, ქართული წარმოების პირბადეები უკვე გავუსვით სააფთიაქო ქსელებში, 400 ათასი პირბადე საწყის ეტაპზე. დაახლოებით 2 დღე იქნება საჭირო იმისთვის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით წამყვან სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდეს ეს პირბადეები. აქ საუბარი გვაქვს „ავერსზე“, „ფარმადეპოზე“, PSP-ზე და GPC-ზე. ეს 4 ქსელი არის ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი და სწორედ მათთან თანამშრომლობით დავიწყეთ ჩვენ ჩვენი პირბადეების გადანაწილება და მიწოდება მოსახლეობისთვის. ყველაზე გვიან შაბათ დღეს ყველგან ამ აფთიაქებში იქნება შესაძლებელი ქართული წარმოების მრავალჯერადი პირბადის შეძენა.
სახელმწიფოს თითო პირბადის შეკერვა უჯდება 1 ლარზე მეტი. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი პირბადე მოსახლეობისთვის, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქსელებში, აფთიაქებში, პირბადეები გაიყიდება 50 თეთრად თითო ცალი. ეს არის სუბსიდირებული ფასი“, – განმარტა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განაცხადებით, პირბადეების გადაჭარბებული და არასწორი მოხმარება უსარგებლოა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 48 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.