მოსახლეობის მიერ პირბადეების გადაჭარბებულ და არასწორ მოხმარებას, პანდემიის პირობებში, არა მხოლოდ სარგებელი არ მოაქვს, არამედ შესაძლოა, მათი დეფიციტი გამოიწვიოს მათთვის, ვისაც ისინი ნამდვილად სჭირდება, – ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადჰანომ გიბრეიესუსმა განაცხადა და დასძინა, რომ ჯანმოს რეკომენდაციაა, ნიღბები დაავადებულმა ადამიანებმა გაიკეთონ და მათ, ვინც სახლში პაციენტებს უვლიან.
„შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ნიღბების გამოყენებამ მოსახლეობის ფართო ფენების მიერ, შესაძლოა, მათი დეფიციტი გამოიწვიოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე მატად საჭიროებენ მათ გამოყენებას“, – განაცხადა გენერალურმა დირექტორმა.
მისი თქმით, ჯანმო-ს რეკომენდაციაა, გამოიყენონ სპეციალური ნიღბები, ასევე, სხვა დამცავი საშუალებები სამედიცინო დაწესებულებებში. რაც შეეხება ნიღბების ფართო გამოყენებას, ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, შეისწავლონ მათი გამოყენების ეფექტურობა.
გებრეიესუსის განცხადებით, მხოლოდ ნიღბების გამოყენება კოვიდ-19-ს ვერ შეაჩერებს. ამიტომ, მისი თქმით, ქვეყნებმა უნდა განაგრძონ ტესტირება, იზოლირება და დაავადების ყველა შემთხვევის მკურნალობა, ასევე დაავადებულთა ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტების გამოძიება.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დღესვე განაცხადა, რომ ამ დროისთვის, 20 კომპანია და სამეცნიერო ინსტიტუტი მუშაობს მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად. საერთაშორისო კვლევებში კი მსოფლიოს 70 ქვეყანაა ჩართული.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.