ეკონომიკის სამინისტრო პირბადეების წარმოებით დაინტერესებულ საწარმოებს მიმართავს და განცხადებას ავრცელებს.
“კორონავირუსის (COV-19) პანდემიის გამო მსოფლიოში შეიქმნა პირბადეების დეფიციტი. აღნიშნულმა მოცემულობამ ნათლად დაგვანახა ამ და სხვა სანიტარულ – ჰიგიენური დანიშნულების პროდუქციის საქართველოში წარმოების აუცილებლობა.
სწორედ ამიტომ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო პირბადეების და სხვა ისეთი პროდუქციის წარმოება, რომელთა მეშვეობითაც მაქსიმალურად დიდხანს შეიძლებოდა ეპიდემიის პრევენცია საქართველოში.
დღეის მდგომარეობით კერძო სექტორი აქტიურად არის ჩართული პირბადეების წარმოებაში, თუმცა საჭიროა წარმოების მოცულობის გაზრდა, რაც კერძო და საჯარო პარტნიორობის შედეგად მიიღწევა.
აღნიშნული პროდუქციის წარმოებით დაინტერესებულ კომპანიებს, შეუძლიათ შეავსონ განაცხადი.
ქართული სამედიცინო პირბადე დამზადებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ CDC-ს და WHO—ს რეკომენდაციების გათვალისწინებით”-აცხადებენ სამინისტროში.
დღეის მონაცემებით, სულ დამზადებულია 1,3 მლნ პირბადე.
პროგრამაში #აწარმოე პირბადე 9 სამკერვალო დაწესებულებაა ჩართული.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.