მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარადისში კორონავირუსის 6 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან ყველა კონტაქტი მოძიებულია და სოფელი მთლიანად თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„თერმოსკრინინგის პირველ ეტაპზე, 105 000 ადამიანი შემოწმდა, დაწყებულია მეორე ეტაპი, სადაც 40 000-ზე მეტი ადამიანი შემოწმდა და პროცესი გრძელდება. თერმოსკრინინგი ძალიან ეფექტური პროცესია, ამიტომ თუ საჭიროა გახდა, თერმოსკრინინიგის მესამე ეტაპსაც განვახორციელებთ“, – აღნიშნა დარგალმა.
მისვე თქმით, მუნიციპალიტეტში სურსათის და მედიკამენტების მარაგის პრობლემა არ არის.
„მუნიციპალიტეტში ყველანაირი სახლის პროდუქცია შემოდის, სოფლები და ქალაქიც მარაგდება“, – განაცხადა მარნეულის მერმა.
მარნეულის სოფელ მარადისში, სადაც ბოლო სამ დღეში კორონავირუსი 6 ადამიანს დაუდასტურდა, ყველა ოჯახი თვითიზოლაციაშია. სოფელში პატრულირება ხორციელდება და ის მკაცრად კონტროლდება.
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.
ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკსაგუშაგო. გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 67 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.