მარნეულის სოფელ მარადისში, სადაც კორონავირუსის ექვსი შემთხვევა გამოვლინდა, ყველა ოჯახი თვითიზოლაციაშია

877

მარნეულის სოფელ მარადისში, სადაც ბოლო სამ დღეში კორონავირუსი 6 ადამიანს დაუდასტურდა, ყველა ოჯახი თვითიზოლაციაშია. სოფელში პატრულირება ხორციელდება და ის მკაცრად კონტროლდება.

მარადისში სულ 40 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაინფიცირებულთა კონტაქტები ცნობილია, სოფლის ყველა მცხოვრებელს კი სახლიდან გამოსვლა ეკრძალება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, ზაურ დარგალის განცხადებით, ამ დროისათვის სოფლის მოსახლეობის მონიტორინგი და ყოველდღიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.

„სოფელ მარადისიდან ერთ-ერთ ქალბატონს დაუდასტურდა კორონავირუსი, გუშინ ასევე დაუდასტურდა ოჯახის 2 წევრს, დღეს კიდევ ოჯახის 3 წევრს დაუდასტურდა. მთლიანობაში აღნიშნული ქალბატონის 5 ოჯახის წევრს დაუდასტურდა ვირუსი. აღებული იყო სულ 32 კონტაქტი. სოფელი მარადისში, სულ 40 ოჯახი ცხოვრობს, ისინი ყველანი თვითიზოლაციაში არიან, მიმდინარეობს მონიტორინგი და ყოველდღიური თერმოსკრინინგი“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

სოფელ მარადისში „კოვიდ 19“-ის პირველი შემთხვევა 10 აპრილს დადასტურდა. დღეს კიდევ სამი დადასტურებული შემთხვევა დაემატა. ე.წ. სოფელ მარადისის კლასტერიდან სულ ექვსი პირია ინფიცირებული.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს  გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.

ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკსაგუშაგო. გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 67 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.