რა საკვებ პროდუქტებს დაურიგებენ მარნეულის ბაღების აღსაზრდელებს

472

კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, კარაქი, ზეთი, ორცხობილა, შაქარი – ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რაც მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ოჯახებს უახლოეს დღეებში უნდა გადასცენ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

ბაგა-ბაღების გართიანების უფროსის, ზაურ ქარამოვის თქმით, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მომწოდებელ კომპანიასთან.

„შთანხმებებს დღე ვაკეთებთ (კომპანიასთან) ხვალ ან ზეგ მოგვაწოდებენ პროდუქტებს. მთლიანი პაკეტი დაახლოებით 25, 30 კილო იქნება. ამ პროდუქტებში არ შევა მალფუჭებადი პროდუქტი, ძალიან რთულია მათი მოტანა და გადანაწილება დროის ფაქტორის ამბავია და თან სპეციალური ტემპერატურული რეჟიმი უნდა“, – ამბობს ქარამოვი.

ზაურ ქარამოვის თქმით, 60 დღის პროდუქტები 2100 აღსაზრდელზე ერთჯერადად გაიცემა. ორი თვის საკვები პროდუქტებისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 130 000 ლარი გამოყო.

ქარამოვი ამბობს, რომ საკვები ყველა სოფლის საბავშვო ბაღში მივა:

„ვისაც ექნება საშუალება და შეეძლება, რომ ბაღამდე მოვიდეს, იქიდან გავატანთ საკვებს. ვისაც არა, ჩვენ სახლამდე მივუტანთ. ამ სიტუაციას ბაღის გამგეები და პედაგოგები დაარეგულირებენ. ყველას აქვთ მშობლის ნომრები და გაარკვევენ სიტუაციას“.

სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 4 მარტს შეწყდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს  გადავიდა.  ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.

ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკსაგუშაგო. გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა,  ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 67 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.