რამდენიმე ათეული სპეცრაზმელი და ათობით სამართალდამცველი მარნეულის ერთ-ერთ სოფელში – შულავერში დღეს საპროტესტო აქცია უნდა გამართულიყო, მაგრამ ვრცელდება ცნობები, რომ მოქალაქეები დააშინეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
მათ აქციის გამართვა სოფლის პრობლემების შესახებ სურდათ, ასევე, იგეგმებოდა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ განცხადებების გაკეთება.
მარნეულის მცხოვრებლებმა საპროტესტო გამოსვლა დღეს 17:00 საათზე დააანონსეს. თუმცა, სპეცრაზმის მობილიზების გამო ადგილზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მივიდა.
“აქციაზე, თავვიანთი გასაჭირიდან გამომდინარე, უნდოდათ ხელისუფლებისთვის მიეწვდინათ ხმა – რა უჭირთ, რა პრობლემები აქვთ. მთავრობამ კი, იმის ნაცვლად, რომ ამ ხალხის აზრი გაიგოს, პოლიცია ჩამოიყვანა. ვითარება წაიყვანეს იქითკენ, რომ ხალხი დაეშინებინათ. აბსურდია, რომ ჩვენ ვაპირებდით პროვოკაციებს, პროვოკაციების მოწყობას აპირებდა ხელისუფლება”. – თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მოსახლეობამ ზაურ დარგალის მუქარის შემდეგ საფრთხე იგრძნო – აქციის გამართვამდე ერთი დღით ადრე, 27 სექტემბერს, მარნეულის და ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა დარგალმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მზადდებოდა შეკრება მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მოთხოვნით.
დარგალმა დაანონსებული აქცია “ნაციონალური მოძრაობის მხრიდან წინასაარჩევნოდ დაგეგმილი დესტრუქციული და პროვოკაციული ქმედებების გაგრძელებად” შეაფასა და თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შეკრებილები გზას გადაკეტავდნენ, “სამართალდამცავები ადეკვატურ ზომებს მიიღებენ”.