7 სამინისტრო, სადაც შრომის ანაზღაურება იზრდება, თუმცა, დასაქმებულთა რიცხვი მცირდება ან უცვლელი რჩება

557

2022 წელს საბიუჯეტო ორგანოებში სახელფასო ფონდი იზრდება. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შრომის ანაზღაურებისთვის მომავალ წელს 1.653 მლრდ ლარი დაიხარჯება, რაც 2021 წელთან შედარებით 17.1 მლნ ლარით მეტია (2021 წელს 1.636 მლრდ ლარი). ინფორმაციას BPN.GE ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილება არ იგეგმება, ან პირიქით მცირდება, თუმცა, მომავალ წელს შრომის ანაზღაურების ზრდაა პროგნოზირებული.

სამინისტროები, სადაც შრომის ანაზღაურება იზრდება, თუმცა, დასაქმებულთა რაოდენობა უცვლელი რჩება ან მცირდება, შემდეგია:

  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არ იცვლება დასაქმებულთა რაოდენობა. 2021 წლის ანალოგიურად, გაისადაც უწყებაში 2 877 ადამიანი იმუშავებს. თუმცა იზრდება შრომის ანაზღაურება, კერძოდ, თუ 2021 წლის გეგმა შრომის ანაზღაურებას 41.099 მლნ ლარს შეადგენს, 2022 წელს ანაზღაურება 43.818 მლნ ლარამდე გაიზრდება.
  • საგარეო საქმეთა სამინისტროში გაისად მომუშავე ადამიანების რიცხოვნობა არ იზრდება და ის 780-ს შეადგენს, თუმცა იზრდება შრომის ანაზღაურება. კერძოდ, 2022 წელს ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებისთვის 10.959 მლნ ლარის გამოყოფა იგეგმება, მაშინ როცა 2021 წლის გეგმაში მხოლოდ 9.415 მლნ ლარია გამოყოფილი.
  • თავდაცვის სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა უცვლელად 40 646-ზე რჩება. თუმცა მკვეთრად იზრდება შრომის ანაზღაურება. კერძოდ, თუ 2021 წელს დასაქმებულთა ანაზღაურებაზე 426.122 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, 2022 წელს ანაზღაურებაზე გაცილებით მეტი 432.337 მლნ ლარი გამოიყოფა.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა უცვლელად 30 500-ზე რჩება. მაგრამ სხვა სამინისტროების მსგავსად აქაც იზრდება შრომის ანაზღაურება. უფრო კონკრეტულად, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი შრომის ანაზღაურების 531.026 მლნ ლარამდე ზრდას ითვალისწინებს იმ ფონზე, როცა 2021 წლის გეგმა 525.200 მლნ ლარს მოიცავდა.
  • კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დასაქმებული ადამიანების რიცხოვნობა მცირდება 6 916-დან 6 901-მდე. თუმცა იზრდება შრომის ანაზღაურებაზე გაწული ხარჯები 65.465 მლნ ლარამდე. ზრდა წინა წელთან შედარებით 3 მლნ ლარზე მეტია.
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მომუშავე ადამიანების რაოდენობა 540-დან 524 მდე შემცირდება, თუმცა ანაზღაურება 13.222 მლნ ლარამდე გაიზრდება.
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მომუშავე ადამიანების რაოდენობა მცირდება 324-დან 318-მდე, თუმცა იზრდება ანაზღაურება უფრო კონკრეტულად, 8.980 მლნ ლარიდან 10.550 მლნ ლარამდე.

ცნობისათვის, ეს არის 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომელიც, შესაძლოა, დამტკიცებამდე დაკორექტირდეს.