„ქართული ოცნების“ წევრის, მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის ზაურ დარგალის განცხადებით, მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს კავშირი არ აქვთ.
მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა დაჭრა.
„არანაირი მსგავსი ჩვენი მხრიდან, ჩვენი მხარდამჭერების ჩართულობით არ ყოფილა. ჩვენ რაც გავარკვიეთ, ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა დაჭრა „ლეიბორისტი“. ჩხუბი იყო, ჯერ უბნის წინ და მერე სხვაგან წავიდნენ ჩხუბი გაგრძელდა და დაჭრა“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.
მანამდე „ლეიბორიტული პარტიის“ წევრმა, ალი ბადიროვმა განაცხადა, რომ მათი პარტიის აგიტატორი, 35 წლის ეივაზ მამედოვი „ქართული ოცნების” აგიტატორმა გურხან რამაზანოვმა მუცლის არეში დაჭრა და მიიმალა.
მისი თქმით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.