მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როვშან ისკანდაროვი სცემეს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მათი მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ქველაძემ სცემა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ მორიგი პროვოკაციები დაიწყო. ,,ნაციონალური მოძრაობის” სიის მეორე ნომერმა ლაშა ქველაძემ დღეს სხეულის დაზიანება მიაყენა ჩვენი პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატს სადახლოში, რომელმაც კანონის ფარგლებში მოუწოდა მას, რომ საღებავებით სკოლის კედელზე წარწერები – ,,მიშა ჩამოდი” და ,,ხმა მიეცით ნაციონალურ მოძრაობას” არ გაეკეთებინა. მისი მხრიდან მოწოდების შემდეგ მოხდა დაპირისპირება. ჩვენს კანდიდატს დაზიანებები აქვს მიყენებული გულმკერდის და სახის არეში”, – განაცხადა ზაურ დარგალმა.
,,ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ,,ქართული ოცნების” წევრები, მათ თავად დაესხნენ თავს.
ლაშა ქველაძე ამ წუთევში მარნეულის პოლიციაში იმყოფება და სამართალდამცავებს ჩვენებას აძლევს.
ნაცემი როვშან ისკანდიროვი ,კი ,ჯეოჰოსპიტალში” გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და კვლევები უტარდება.