დარგალი: მაქსიმალურად გვყავს გაფრთხილებული ჩვენი მხარდამჭერები, რომ მშვიდ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, თუმცა, “ნაცმოძრაობიდან” ყველაფერია მოსალოდნელი

368

მარნეულსა და გარდაბანში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის ზაურ დარგალის განცხადებით, ხვალ “ქართული ოცნება” დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.

მისივე თქმით, მხარდამჭერები გაფრთხილებული არიან, რომ არჩევნებმა მშვიდ გარემოში, პროვოკაციების გარეშე ჩაიაროს.

დარგალი ასევე გამოეხმაურა სააკაშვილის განცხადებას, რომ ის საქართველოში იმყოფებოდა. დეპუტატის თქმით, ეს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან მორიგი კლოუნადაა.

“საკმაოდ აქტიური წინასაარჩევნო კამპანია ჩავატარეთ, ვიყავით ყველა სოფელში, შევხვდით მოსახლეობას, გვყავს ძლიერი გუნდი. ზოგადად, წინასაარჩევნო კამპანიამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. თუმცა, მოსალოდნელი იყო პროვოკაციები “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, რაც გუშინ მოხდა. ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა “ნაციონალური მოძრაობის” სიის მეორე კანდიდატის, ლაშა ქველაძის მიერ. რის შემდეგადაც, ის მოხვდა საავადმყოფოში. ხვალისთვის კი მაქსიმალურად გვყავს გაფრთხილებული ჩვენი მხარდამჭერები, რომ მშვიდ გარემოში ჩატარდეს არჩევნები. თუმცა, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი. დარწმუნებულები ვართ, რომ ხვალ დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ როგორც მარნეულში, ასევე მთელ ქვეყანაში. რაც შეეხება მიშას ჩამოსვლას, ეს არის პროვოკაციის ერთ-ერთი ნაწილი. თავისთავად, ეს არის სრული ბლეფი, კლოუნადა და მე უბრალოდ, არ მესმის, იმ ადამიანების, რომლებსაც სჯერათ ამ ყველაფრის. ჩვენს გარშემო მარნეულელებსაც არ სჯერათ ამის”,- განაცხადა დარგალმა.