დღეს, 28 სექტემბერს, მარნეულში ხელისუფლების მმართველობით უკმაყოფილო მოსახლეობის აქციაა დაანონსებული. “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი ამ პროტესტს “ნაციონალურ მოძრაობას” უკავშირებს და ამბობს, რომ აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა მიხიელ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა იქნება.
აქციასთან დაკავშირებით ზაურ დარგალმა ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც მხოლოდ სამთავრობო არხები მიიწვია და ამ გზით, კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდა.
“ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარნეულში შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში ენმ გეგმავს აქციას და საავტომობილო გზის გადაკეტვას მიხიელ სააკაშვილის ჩამოსვლის მოთხოვნით. ეს გახლავთ ენმ-ს მიერ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი დესტრუქციული და პროვოკაციული ქმედებების გაგრძელება. ბნელი ძალები გეგმავენ კანონის საწინააღმდეგო მსვლელობას, მატ სურთ გამოიყენონ მოსახლეობა”, – თქვა ბრიფინგზე ზაურ დარგალმა.
ბრალდებას უარყოფენ აქციის ორგანიზატორები და ამბობენ, რომ აქცია მშვიდობიანად, კანონის ფარგლებში ჩატარდება. ერთ-ერთი ორგანიზატორის, აზად ქარიმოვის თქმით, მას “ნაციონალური მოძრაობასთან” არანაირი კავშირი არ აქვს.
“ხალხი დაიღალა ფასების მატებითა და პროდიუქტის გაძვირებით. სახლში ხალხს პური ვერ უყიდია ისეთი გაჭირვებაა, ბანკების ვალები კი ცალკეა. ხალხს სურს, ეს მძიმე ვითარება გააპროტესტოს. ამ აქციასთან დაკავშირებით მარნეულის რაიონული პოლიციაში განცხადება შევიტანეთ, ასევე განცხადება შევიტანეთ მერიაშიც. […] ქართული ოცნების დეპუტატი ზაურ დარგალი ბრიფინგს მართავს და ჭორებს ავრცელებს თითქოს ჩვენ გზების გადაკეტვას ვაპირებთ და გვინდა ვითარება დავძაბოთ. ეს ყველაფერი სიცრუეა და ზაურს მინდა მივმართო, პროვოკაციები ვითარების დაძაბვა და თავდასხმები მისი პარტიის ქართული ოცნების ხელწერაა”, – თქვა მან.
ქარიმოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვა, აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები “ოცნების” პოვოკაციებისგან დაიცვას.