ლენტეხისა და ცაგერის რაიონში სამი საკონტროლო გამშვები პუნქტი ამოქმედდა.
“საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგიც ჩაუტარდებათ. ეფექტური პრევენციული ღონისძიებების ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ბლოკპოსტები ცაგერის შესასვლელთან, ე.წ. გელავერის უღელტეხილზე, ასევე მურის ციხესთან და სოფელ ალპანაში განთავსდება და დილიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დადგენილია უკვე ინფიცირებულთა „პირველადი კონტაქტებიც“, თუმცა, მთლიანობაში რამდენი კონტაქტია გამოვლენილი, ამ ეტაპზე არჩილ ჯაფარიძე ამბობს, რომ სრული ინფორმაცია არ აქვს.
„დაფიქსირებისთანავე, მყისიერად ჩაერთო ჯანდაცვის შესაბამისი წარმომადგენლობა, ექიმები და პოლიციის თანამშრომლები. მაქსიმალურად დროულად მოხდა კონტაქტების გამოვლენა. პირველადი კონტაქტები ძირითადად, გამოვლენილია. გრძელდება მუშაობა და ხვალ დღის ბოლომდე სრულად იქნება გამოვლენილი“, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, გრძელდება თერმოსკრინინგი სოფელ მელეში, სადაც ინფიცირებული მამაკაცი სტუმრად იმყოფებოდა.
ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 56 წლის ინფიცირებულ მამაკაცთან ახლო კონტაქტში მყოფი 35 პიროვნება, ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება. კონტაქტების მოძიება გრძელდება.
რამდენიმე დღის წინ, ლენტეხში მცხოვრებ 50 წლამდე მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირების გამო, ცაგერის საკრებულოს შენობაში საგანგებო სხდომა გაიმართა და საკონტროლო გამშვები პუნქტების მოწყობა გადაწყდა. იმ სოფლებში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკია, მოსახლეობის თერმოსკრინინგი მოხდება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 230 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 52 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.