ლენტეხსა და ცაგერში ბლოკპოსტები განთავსდება და მოსახლეობის თერმოსკრინინგი მოხდება

1168

წინა სტატია

რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, იმ სოფლებში სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკია, მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყება. მისივე თქმით, ლენტეხსა და ცაგერში ე.წ. ბლოკპოსტები განთავსდება.

„სამწუხაროდ, გუშინ ლენტეხის „ცხელების ცენტრში“ შესულ პაციენტს დაუდგინდა კორონავირუსი. მომენტალურად დაავადებათა კონტროლის სამსახური ჩაერთო კონტაქტების დადგენაში. ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პირველადი და შემდგომი კონტაქტების გამოსავლენად. ჩვენ სასწრაფოდ დავნიშნეთ შტაბის სხდომა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება პრევენციული ღონისძიებების შესახებ. იმ სოფლებში სადაც გავრცელების მაღალი რისკია დაიწყება თერმოსკრინინგი, ასევე გაკეთდება გადაადგილების პუნქტები. შესვლა არ გამკაცრდება, ბლოკპოსტებზე მოხდება თერმოსკრინინგი და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის,“ – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, სავარაუდოდ 2 დღეში კორონავირუსით ინფიცრებულთან ყველა კონტაქტი დადგენილი იქნება.

„დაავადებულთან კავშირები მართალია დიდი არ იყო, თუმცა ფიქსირდება ლენტეხშიც და ცაგერშიც. ბლოკპოსტები განთავსდება ისე, რომ ორივე მუნიციპალიტეტი მოიცვას და გადაადგილების თერმოსკრინინგის საშუალებით მინიმუმამდე დავიყვანთ გავრცელების რისკსს. სავარაუდოდ 2 დღეში ყველა კონტაქტი დადგენილი იქნება და ყველა მათგანს ჩაუტარდება შესაბამისი ტესტირება. ყველა კონტაქტი პირად კონტროლზე ჰყავთ აყვანილი ჯანდაცვის სამინისტორს შესაბამის წარმომადგენლებს,“ – აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ.

ქუთაისის ლაბორატორიაში გუშინ 45 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და აქედან სამმა დადებითი პასუხი აჩვენა. ერთი შემთხვევა ლენტეხის მუნიციპალიტეტში დადასტურდა. 50 წლამდე მამაკაცის კონტაქტებს ეპიდემიოლოგები სწავლობენ.

ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირების გამო, ცაგერის საკრებულოს შენობაში საგანგებო სხდომა გაიმართა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 214 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 50 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.