ლენტეხში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამო საგანგებო სხდომა ჩაინიშნა

1079

სტატიის გაგრძელება

ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირების გამო, ცაგერის საკრებულოს შენობაში საგანგებო სხდომა გაიმართება.

შეხვედრას გუბერნატორი გაუძღვება. სავარაუდოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა გამკაცრებულ ზომებს მიიღებენ რეგიონში პანდემიის პრევენციისთვის.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დაფიქსირდა თუ არა ლენტეხის ცხელების ცენტრში ეს ფაქტი, მომენტალურად ჩაერთვნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები კონტაქტების დასადგენად.

„ცაგერში შტაბი შეიკრიბება, გავაანალიზებთ სიტუაციას. როდესაც მივიღებთ სრულყოფილ ინფორმაციას, ექიმები იტყვიან სავარაუდოდ, რა მასშტაბებზე გვაქვს საქმე და აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღებთ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა რწმუნებულმა.

ქუთაისის ლაბორატორიაში გუშინ 45 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და აქედან სამმა დადებითი პასუხი აჩვენა. ერთი შემთხვევა ლენტეხის მუნიციპალიტეტში დადასტურდა. 50 წლამდე მამაკაცის კონტაქტებს ეპიდემიოლოგები სწავლობენ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 214 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 50 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.