სოხუმში პნევმონიით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდა თუ არა მას კორონავირუსი.
კორონავირუსთან დაკავშირებით აფხაზეთში შექმნილი ოპერატიულ შტაბის ცნობით, გარდაცვლილს კორონავირუსზე ანალიზი უკვე აუღეს და პასუხს ელოდებიან. ამის შესახებ სპუტნიკ აბხაზია წერს.
შტაბის ცნობით, სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტი 8 აპრილის ღამით, უმძიმეს მდგომარებაში მოათავსეს, თუმცა, სამედიცინო დამხარების მიუხედავად, ის გარდაიცვალა.
განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ მოზარდი ბავშვთა საავადმყოფოში 3 აპრილს გადაიყვანეს ნაწლავური ინფექციის წინასწარი დიაგნოზით. 5 აპრილს პაციენტის მდგომარება გაუმჯობესდა და ის ადგილობრივი პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ, ამბულოტორიულად მკურნალობისთვის გაწერეს.
“პაციენტს ბავშვობიდან სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში წოლითი რეჟიმი ჰქონდა. არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, გარდაცვლილს კორონავურუსზე ანალიზები აუღეს”, – წერია შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უფრო ადრე, გალის სოფელ საბერიოდან ზუგდიდში გადმოყვანილ ქალს, კორონავირუსი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუდასტურდა.
კორონავირუსით დაინფიცირების პირველის შემთხვევა აფხაზეთში, გაგრაში, გუშინ დაფიქსირდა. ინიფიცირებული მოქალაქეს მოსკოვში მოგაზურობის ისტორია აქვს, სადაც ის მივლინებაში იმყოფებოდა.
ოუპირებულ აფხაზეთში 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სასწავლო პროცესი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში 20 აპრილამდე გადაიდო.
გარდა ამისა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განკარგულებით, გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის გადაადგილება აკრძალულია.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 48 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.