თბილისში ხილ-ბოსტნეული სამ ალტერნატიულ სავაჭრო ცენტრში გაიყიდება

514

თბილისში ხილ-ბოსტნეულის დეფიციტი არ იქნება. მოვძებნეთ ალტერნატიული სამი სავაჭრო ცენტრი გლდანში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე და ორხევში, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაიყიდება, – ამის შესახებ სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა, თენგიზ კალანდაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემაში „იმედის დილა“ განაცხადა.

„ახალი სავაჭრო ობიექტი სთავაზობს თავის ფართს მათ ვინც ვაჭრობდა სხვა ბაზრებში. შესაბამისი პირობებით. ამ რეკომენდაციის იმედი გვაქვს რომ შევაჩერებთ ინფექციას. რაც შეეხება რეგიონებს, იქ თანამშრომლობენ ბაზრების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სესი-ს მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ბაზრები გაიხსნება,“- აღნიშნა კალანდაძემ.

მისი თქმით, აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით შემუშავდა სტანდარტი, რომელსაც სესი გააცნობს ბაზრების წარმომადგენლებს. „ბაზარში შესასვლელი უნდა იყოს სხვა და გამოსასვლელი სხვა. ყველას უნდა ეკეთოს პირბადე. გამყიდველები დაშორიშორებულები უნდა იდგნენ. 70 წელზე ზევით პირები არ მოძრაობდნენ ამ ტერიტორიაზე. ყველა მანქანას უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია. ბაზრებში ერთ დღეს უნდა იყიდებოდეს ხილი მეორე დღეს ბოსტნეული, “- განაცხადა კალანდაძემ.

კალანდაძის ინფორმაციით, სავაჭრო ობიექტები კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების შემდეგაც იმუშავებს. „ფართები კომპანია „ჯიბეს“ ეკუთვნის, რომელსაც ბაზარზე აქვს პირველად მოხმარების პროდუქტი. ისინი აკეთებდნენ ინფრასტრუქტურას. ჩვენ მოვახდინეთ ის რომ მარნეულიდან და ბოლნისიდან დავაკავშირეთ ფერმერებთან და მოხდება ბოსტნეულის წამოღება რეგიონებიდან. პროდუქცია ახალ წერტილებში გაიყიდება,“- აღნიშნა კალანდაძემ.

7 აპრილს თბილისში ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა.

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, რეგიონების აგრარული ბაზრები ეტაპობრივად დაიხურა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 38 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.