აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება მდინარე ფსოუზე მიმოსვლას კრძალავს

481

ოკუპირებული აფხაზეთი მდინარე ფსოუზე მიმოსვლას 20 აპრილამდე კრძალავს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განკარგულებაშია აღნიშნული.

ე.წ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეზღუდვა ეხება ყველას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ფსოუზე გადაადგილების უფლება მიეცემათ მხოლოდ დიპლომატებს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ასევე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებს და სატვირთოს მძღოლებს.

შეზღუდვები კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ოუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.  სასწავლო პროცესი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში 20 აპრილამდე გადაიდო.

გალის სოფელ საბერიოდან შემოყვანილ ქალს, რომელიც დეფაქტო რესპუბლიკაში რუსეთიდან ჩავიდა, კორონავირუსი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუდასტურდა. პაციენტი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 48 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.