მარნეულში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო დღემდე 135 მოქალაქე დაჯარიმდა

528

„მარნეულში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო დღემდე დაჯარიმდა 135 მოქალაქე“ – ეს განცხადება 6 აპრილს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ნავერიანმა გააკეთა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. 

ნავერიანს არ დაუკონკრეტებია თუ რა სახის ჯარიმებზეა საუბარი და მათ შორის რამდენია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე დაწერლი ჯარიმები. საკრებუულოს თავმჯდომარის მოადგილე დაგვპირდა, რომ მონაცემებს მოგვიანებით მოგვაწვდიდა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს  გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.

ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკსაგუშაგო. გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები.

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, რეგიონების აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხურება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.