მარნეულის გახსნა და საკარანტინო რეჟიმის გაუქმება, ამ ეტაპზე, არ იგეგმება ბოლო დღეებში, რაც მარნეულის ჩაკეტვიდან ორი კვირა გავიდა, მოსახლეობაში ჩნდება კითხვები კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს საკარანტინო ზონაში ყოფნა და როდის შეძლებენ აქ ჩარჩენილი ადამიანები მუნიციპალიტეტიდან გასვლას. იმავე შინაარსის კითხვა დაისვა 6 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე რადიო „მარნეულის“ “ფეისბუკის” ლაივის დროს. განმარტება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ნავერიანმა და მერის მოადგილემ ლაშა ლობჯანიძემ გააკეთა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მამუკა ნავერიანის თქმით, რაც შეეხება კარანტინის მოხსნას, აღნიშნული გადაწყვეტილება ღრმა და კომპლექსური ანალიზის საფუძველზე მოხდება. იმ დინამიკის მიხედვით, რა დინამიკაც გვექნება ამ მიმართულებით ჩვენს მუნიციპალიტეტში.
„ორკვირიან ვადასთან დაკავშირებით როგორც ვხედავ, საჭირო არის განმარტება. ორკვირიანი ვადა შეეხო და ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც დარჩნენ მარნეულში კარანტინის ამოქმედების დღიდან, რომლებიც ჩვენ გადავიყვანეთ საკარანტინო სასტუმროებში. ისინი ყოველდღიურად იყვნენ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და კონტროლდებოდნენ. შესაბამისად, მათზე გაიცემა ცნობა და უკვე გაიცა, რომ ისინი ორი კვირა ნამდვილად იყვენ კარანტინში , თვითიზოლაციაში. შემდეგ მათი ტრანსპორტირება და გადაადგილება მოხდება მარნეულის ტერიტორიიდან. მაგრამ რაც შეეხება მარნეულის გახსნას და კარანტინის მოხსნის, ამაზე ეს ორკვირიანი ვადა არ ვრცელდებოდა. ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ორი კვირა გავიდოდა და გაიხსნებოდა – საზღვრები ისევე რჩება. გვაქვს სტაბილური მდგომარეობა და ის მოლოდინები, რომელიც არსებობდა, ჩანს, რომ ნორმალურად მივდივართ და იმედია, კარგად გადავლახავთ ამ სიტუაციას,“ – განაცხადა ლაშა ლობჯანიძემ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე.
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები.
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, რეგიონების აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხურება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.