ახალქალაქში 26 მარტს, მკოიანებსა და პეტროსიანებს შორის მომხდარი დაპირისპირების ახალი კადრები ვრცელდება

519

წინა სტატია

ახალქალაქში 26 მარტს, მკოიანებსა და პეტროსიანებს შორის მომხდარი დაპირისპირების ახალი კადრები ვრცელდება. სამველ პეტროსიანის ადვოკატი “ქართული ოცნების” დეპუტატის, ენზელ მკოიანის დაკავებას ითხოვს. დავით ძნელაძე სამართალდამცავი უწყების უმოქმდობაზე, მოწმეებზე სავარუდო ზეწოლასა და დანაშაულის იარაღის დამალვაზე საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. 

სამველ პეტროსიანის ადვოკატი, დავით ძნელაძე ამბობს, რომ „ობიექტივის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ისვრიან დამიზნებით „ქართული ოცნების“ დეპუტატი ენზელ მკოიანი და მისი ძმის შვილი პეტროსიანების მისამართით.

კადრებში ასევე ჩანს ენზელ მკოიანის ძმა, მარტუნ მკოიანიც. ინციდენტის დასრულების შემდეგ, ენზელ მკოიაინი იარაღს ქამარში იდებს.

ჩანაწერიდან ასევე ირკვევა, რომ ინციდენტის დროს ენზელ მკოიანის ძმის შვილი, მის გვერდით მდგომ პიროვნებას იარაღს ართმევს, პეტროსიანების მიმართულებით დამიზნებით ისვრის და უკან უბრუნებს, აღნიშნული იარაღი კი საქმეში არ დევს.

დავით ძნელაძე სწორედ ამ იარაღის საქმეს ეხმაურება. საქმის მასალებში არსებული, მკოიანების სახლიდან ამოღებული იარაღი ცეცხლსასროლი არ არის. მისივე განმარტებით, სამართალდამცავებმა, იმ ადგილიდან სადაც ბრალდებული იმყოფებოდა ორი ვაზნა ამოიღო, ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიება ოთხ იაღარს იკვლევს, თუმცა აქედან არცერთს ემთხვევა შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი მასრები.

„ექსპერტიზამ დაადგინა რომ მკოიანების სახლიდან ამოღებული იარაღი არ არის ცეცხლსასროლი. ეს არის ხმოვანი იარაღი, ანუ გაზის იარაღი, რომელიც გარკვეულ ნივთიერებას აფრქვევს. ამას ვერ გამოიყენებ საფანტისთვის, რეზინისთვის, ვინაიდან ლულაში აქვს სპეციალური ტიხარი, იმ შემთვევაში, თუ რეზინის და საფანტის ვაზნებს გამოიყენებდა ეს იარაღი აფეთქდებოდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ზუსტად იმ ტერიტორიიდან, სადაც ბრალდებული მკოიანი იდგა, ამოღებულია ორი საბრძოლო ვაზნა, მაკაროვის პისტოლეტის. თუ გამოძიება გვეტყვის რომ მკოიანს ეკავა ხელში ის იარაღი რომელიც მისი საცხოვრებელი ბინიდან იქნა ამოღებული, ამის პასუხად სამი ვერსია არსებობს: პირველი – მკოიანი ისროდა გაფუჭებული იარაღიდან, მეორე – მკოიანს ჰქონდა გაზის იარაღი, მაგრამ მან სახლში მისვლის შემდგომ დააზიანა, ესე იგი გაადანდგურა ნივთმტკიცების ნიშან-თვისებები, ესეც დანაშაულია. მესამე ვარიანტი – მკოიანს არ ეჭირა ეს იარაღი, რომელიც სახლიდან ამოიღეს. მაშინ ისმის კითხვა – რომელი იარაღიდან ისროდა? რომელ იარაღს ეკუთნის ის ვაზნები, რომელიც გამოძიებამ ოფიციალურად ამოიღო შემთხვევის ადგილიდან?“,- კითხულობს ძნელაძე.

მისივე თქმით, სამართალდამცავების უმოქმედობამ შესაძლოა გამოძიება ჩიხში შიყვანოს, რადგან მაშინვე არ დააკვეს ბრალდებული და მას შესაძლებლობა ჰქონდა, ნივთმტკიცება დაემალა ან შეეცვალა.

„ენზელა საქმეში ფიგურირებს როგორც მოწმე, ამ დროს მოწმის ადვოკატი გამოძიების წინაშე შუამდგომლობს, რომ დამატებით იქნეს გამოკითხული ის მოწმეები, რომლებმაც გამოძიებას უკვე მიაწოდეს ინფორმაცია. მოგეხსენებათ ზეწოლა დიდია გამოძიებაზე და გამომძიებელი ამას ყოველგვარი ყოყმანის გარეშე აკმაყოფილებს, ამის შემდეგ იკითხებიან ეს მოწმეები დამატებით, რომლებიც ამბობენ რომ ჩვენ წინა დღეს მომხდარი ფაქტი არ გვახსოვდაო და ახლა გავიხსენეთ, თუ როგორ ებრძოდა დამიზნებით სამველ პეტროსიანიო მკოიანსო“,- ამბობს ადვოკატი.

ძნელაძე ითხოვს, რომ ენზელ მკოიანი დააკავონ.

„ადამიანი დარბის იარაღით ხელში, ისვრის, ამ სროლის ფაქტს ესწრებიან პოლიციელები და რეაგირებას არ ახდენენ. კაციშვილი არ მიდის მასთან და არ ეუბნება რომ იარაღი შეინახე, იმ მომენტში განეიტრალებასაც არ სცდილობენ“.

ინციდენტი 26 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი “გოლდის” მიმდებარედ მოხდა. შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 29 მარტს “პატრიოტთა ალიანსის” წევრი სამველ პეტროსიანი და ენზელ მკოიანის ძმისშვილი არმენ მკოიანი დააკავა. ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის განცხადებით, ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების დროს, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი სამველ პეტროსიანი მის მოკვლას ცდილობდა, ამიტომ მან თავდაცვის მიზნით ჰაერში გაისროლა.

დეპუტატმა მკოიანმა ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერიც გამოაქვეყნა, რომელიც სათვალთვალო კამერებითაა გადაღებული.

მკოიანის განცხადებით, დაპირისპირება თავდაპირველად მის ძმიშვილსა და პეტროსიანის შვილს შორის დაიწყო, ინციდენტის დაწყებას კი თავად არ დასწრებია, თუმცა მოგვიანებით ადგილზე მისულმა “მისი განმუხტვა შეძლო”.

“ნაციონალური მოძრაობა” “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის, წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებასა და მის დაკავებას მოითხოვს.