„გრინსერვის პლუსის“ დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ სხდომაზე მოითხოვს, თავისი დაცვის ქვეშ მყოფი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს.
„ადამიანი, რომელიც 5 დღის განმავლობაში, ყოველ გამოძახებაზე მიდიოდა პოლიციაში, ყველა კითხვას პასუხობდა, გამოძიებასთან თანამშრომლობდა, ამ წინარე ისტორიიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ვივარაუდოთ, რომ ის გამოძიებას დაემალება ან სასამართლოში არ გამოცხადდება. ამის მოცემულობა არ არსებობს. საქმის მასალები, რომლებიც დაცვის მხარესა და პირადად მე გადმოგვეცა, არ იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ბრალდებული, შესაძლოა, გამოძიებას დაემალოს ან განხილვას ხელი შეუშალოს. პირიქით, მისი საჯარო განცხადებებიც ყოველთვის მოწოდებული იყო, რომ ის ითანამშრომლებდა, თანამშრომლობდა გამოძიებასთან და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – აცხადებს ადვოკატი.
ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება და განსასჯელ პირთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.
ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო, 18 ოქტომბერს კი 9 პირი დააკავა.