რუსთავის მერი: მერია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, თანამშრომლებმა ყველა ინსტრუქცია დიდი ხანია იციან

630

წინა სტატია

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, რუსთავის მერია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ამ თვალსაზრისით პრობლემა არ შეიქმნება. ამ საკითხით ჟურნალისტები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედას კორონავირუსი დაუდგინდა.

„რუსთავის მერია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. თანამშრომლებმა ყველა ინსტრუქცია დიდი ხანია იციან. ეს პროცესი თვითშეგნებიდან, ასევე სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე უნდა კონტროლდებოდეს. რუსთავის მუნიციპალიტეტს დიდი ხანია გააჩნია სერვის ცენტრებთან ელექტრონული წვდომის საშუალება. სამსახურები დისტანციურ მართვაზე არიან გადასულები, ანალოგიურად ხდება საკრებულოსთან მიმართებითაც. ამ თვალსაზრისით, სამუშაო პროცესში არავითარი პრობლემა არ შეიქმნება“,-განაცხადა ტაბაღუამ.

რაც შეეხება კითხვას, შესაძლოა, თუ არა რუსთავში იგივე სცენარი განმეორდეს, რაც მარნეულსა და ბოლნისში მოხდა, ქალაქის მერმა უპასუხა, რომ ეს ინფიცირებული ადამიანების რაოდენობასა და ხელისუფლების მხრიდან შესაბამის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული.

„გააჩნია, რისკ ჯგუფი და რა რაოდენობის ადამიანები იქნებიან, რამდენად სარისკო იქნება. ეს რა თქმა უნდა, იმ პირობებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე მოხდება, ვინც ქვეყანაში ამ სიტუაციას აკონტროლებს. ეპიდემიოლოგები გადაწყვეტენ, რა საშუალებებითა და როგორ მოხდეს შემდგომი პროცედურების გავლა და ქალაქის გაკონტროლება“, – აცხადებს ტაბაღუა.

ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ეროვნული ბანკის თანამშრომელია. აღნიშნულის შემდეგ, რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის დეპუტატები, თვითიზოლაციაში გადავიდნენ. რუსთავის საკრებულოს და მერიას დეზინფექცია ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

31 მარტიდან პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის, თელავისა და ახალციხის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით  კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

პირს, რომელიც დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს 3 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, ხოლო იურიდიულ პირს 15 000 ლარი.

ამოქმედდა ცხელი ხაზი – 144, სადაც მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე უპასუხებენ.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 131 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 26 უკვე გამოჯანმრთელდა.