ლაცაბიძე: რუსთავში კიდევ ერთი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

355

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რუსთავში ახლადრეაბილიტირებულ მერვე ბაგა-ბაღში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეიდან განახლდა.

„რუსთავში კიდევ ერთი ბაღის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. დღეს N8 ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა. 2022 წელს, ბაღებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, ჯამში 3.4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ეს პროცესი 2023 წელსაც აქტიურად გაგრძელდება და პრემიერის ინიციატივით, რუსთავში არსებული სხვა ბაგა-ბაღების სრული რეაბილიტაცია მოხდება“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სარემონტო სამუშაოები N8 ბაღის შენობის მეორე სართულს ჩაუტარდა, ხოლო საძირკვლის გამაგრება და პირველი სართულის რეაბილიტაცია, 2019 წელს განხორციელდა.

“ქალაქის მერიამ კიდევ ერთი ბაღის, ამჯერად ქალაქის ძველ უბანში, ერთ-ერთი ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დაასრულა. მინდა მივულოცო პატარებს, პედაგოგებს ამ ისტორიული ბაღის შენობისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება და მადლობა გადავუხადო ქალაქის მერიას აქტიური მუშაობისთვის“, – განაცხადა რუსთავის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა, თამარ გოგაძემ.

N8 ბაგა-ბაღში 160 აღსაზრდელი ირიცხება და ისინი სექტემბრიდან დღემდე, ქალაქის რამდენიმე ფილიალში იყვნენ გადანაწილებულნი.

2022 წელს, რუსთავში ბაგა-ბაღების შენობების რეაბილიტაციის ფარგლებში 3.4 მილიონი ლარის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო ჩატარდა და ამ ეტაპზე, ძველ რუსთავში N1 ბაღის ისტორიული შენობების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1 იანვრიდან, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, რუსთავშიც აქტიურად დაიწყება. პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება და მისი ღირებულება 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება.