დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითმა ბრიგადამ ფოთში ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო

693

თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ ქალაქ ფოთის შემავალ და გამომავალ გზებზე ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო, სადაც ასევე გაშლილია საველე კარვები.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების მიერ გამშვებ პუნქტებზე კონტროლდება მოქალაქეების გადაადგილება. სამხედრო სამედიცინო პერსონალი მოქალაქეების თერმოსკრინინგს აწარმოებს. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მობილიზებული სპეციალური ტექნიკის საშუალებით კი, სამხედროები სატრანსპორტო საშუალებებს სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებენ. ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო დახმარების მანქანაც.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშირებით, შვიდ ქალაქში შემავალ და გამომავალ გზებს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აკონტროლებენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით სპეციალური 9 მუნიციპალიტეტის – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის, გორის, ახალციხისა და თელავის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 115 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 22 უკვე გამოჯანმრთელდა.