ფოთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან, სადაც ბლოკ-პოსტებია განთავსებული, რიგებია. ყველას, ვინც ქალაქიდან გადის თუ შემოდის, უტარდება თერმო-სკრინინგი. მოსახლეობა თვლის ,რომ ეს აუცილებელი პროცედურაა და ითვალისწინებენ ხელისუფლების და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
“ყველას ამოწმებენ და ძალიან კარგია. უნდა დავემორჩილოთ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, თუ გვინდა, რომ უარესი შედეგი არ დადგეს,“- აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.
ადგილზე იმყოფებოდა ფოთის მერი, გოჩა კურდღელია. მისი თქმით, ქალაქში სატვირთო გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ,,მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გაიხსნა ბლოკ -პოსტები, სადაც განთავსებული არიან თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები. ისინი ქალაქში შემომსვლელ და გამსვლელ მანქანებს ამოწმებენ და მგზავრებს უტარდებათ თერმო-სკრინინგი.სატვირთო ოპერაციები არ წყდება. ქალაქში ტვირთების შემოტანა და გატანა შეუფერხებლად მიმდინარეობს. უცხოეთიდან შემოსული მძღოლები კონტროლდებიან განსაკუთრებით მკაცრად, მათ უტარდებათ სპეციალური სამედიცინო შემოწმება,“- გოჩა კურღელიამ.
ამასთან, საკოორდინაცო საბჭოს თავმჯდომარის კესო გელენიძის თქმით, გრძელდება თვითიზოლაციაში მყოფი პირების შემოწმება და მონიტორინგი.
“ჩვეულებრივად გაგრძელდება თვითიზოლაციაში მყოფი პირების შემოწმება და მონიტორინგი, რასაც ჩვენ ისედაც ვახორციელებთ. იმ პირებს, რომლებსაც დაუმთავრდათ თვითიზოლაციის ვადა, უტარდებათ თერმოსკრინინგი, თუ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ეპიდემიოლოგები იღებენ გადაწყვეტილებას დასრულდეს იზოლაციის ვადა. ყველა უცხოეთიდან შემოსული ტრაილერის მძღოლი ჩერდება ბლოკ-პოსტზე, ჩვენ ამას გვატყობინებს შსს-ს შესაბამისი სამსახურები, გადის სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ადგილზე ხდება მძღოლის სამედიცინო შემოწმება, ეს ეხება ასევე მარნეულიდან ჩამოსულ ტრაილერის მძღოლებსაც. ტრაილერის მძღოლები ფოთიდან, რომლებიც შემოვიდნენ ქალაქში, ისინი აყვანილი არიან აღრიცხვაზე ,მათთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, ვაწარმოებთ მათზეც მონიტორინგს, გვქონდა ერთი შემთხვევა, თურქი მძღოლი, თავისი მანქანით გადაადგილდა ქალაქში და ეს პიროვნება ავიყვანეთ თვითიზოლაციაზე,“- განაცხადა კესო გელენიძემ.
თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. შსს-ს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან ერთად, საკონტროლო პუნქტების მეშვეობით, აღნიშნული ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე ადამიანთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას აკონტროლებენ. ასევე, ადგილზე ხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.