ფოთი „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ შეუერთდა

350

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც იუნისეფის მხარდაჭერით ფოთი „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ შეუერთდა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა, ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა.

როგორც ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ აღნიშნა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით იღებენ ვალდებულებას, რომ განხორციელებული სოციალური, რეკრეაციული თუ ინფრასტრუქტურული პროექტები მიმართული იყოს ბავშვთა კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე.

“ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით ვიღებთ ვალდებულებას, ჩვენს ქალაქში განხორციელებული სოციალური, რეკრეაციული თუ ინფრასტრუქტურული პროექტები მიმართული იყოს ბავშვთა კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე. ბავშვებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება, ჰქონდეთ გართობისა და დასვენების საშუალება, იცხოვრონ ჯანსაღ და თანასწორ გარემოში, წვდომა ჰქონდეთ ძირითად სოციალურ და ჯანმრთელობის პროგრამებზე, იყვნენ უფრო დაცულები.

დიდ მადლობას ვუხდი გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისს ამ შესაძლებლობისთვის, რომ მოგვცა საშუალება გავიზიაროთ სხვა ქვეყნების წარმატებული მაგალითები და ფოთი გავხადოთ ბავშვების კეთილდღეობაზე უფრო მეტად მორგებული ქალაქი“, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

შეთანხმების თანახმად ფოთი 40-ზე მეტი ქვეყნის 3000 ქალაქს და ადგილობრივ თვითმმართველობას შეუერთდა, ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონის მხარდაჭერით ხორციელდება. იუნისეფის ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის გათვალისწინებით, 1996 წლიდან ეხმარება მუნიციპალიტეტების მთავრობებს ადგილობრივ დონეზე ბავშვთა უფლებების განხორციელებაში.