პრემიერმინისტრის მრჩეველის სოზარ სუბარის განცხადებით, ზომების გამკაცრების აუცილებლობაზე ყოველდღიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიმდინარეობს.
მისი თქმით, ქვეყანა ყველაზე მძიმე სცენარისთვის ემზადება, თუმცა იმედოვნებს, რომ რეალურად ამის საჭიროება არ დადგება.
ამასთან, როგორც სოზარ სუბარი განმარტავს, სამეგრელოს რეგიონზე განსაკუთრებული ყურადღების დაწესების მიზეზი ის არის, რომ რეგიონი ოკუპირებულ აფხაზეთს ესაზღვრება, სადაც კრიტიკული ვითარებაა.”თუ რამე გადაწყვეტილება იქნება მიღებული საზოგადოება ამაზე ინფორმირებული იქნება. თუ საჭირო გახდა მომზადების დროც იქნება მიღებული, თუ ისე უნდა მივიღოთ, რომ წინასწარ არავინ უნდა იცოდეს, მაშინ ასეც ვიზამთ. მაგალითად, მარნეულის და ბოლნისის შემთხვევაში, ჩვენ რომ წინასწარ გვეთქვა, მაშინ იმ ვირუსების გადამტანი ხალხი დატოვებდა იქაურობას და კონტროლი იქნებოდა გაცილებით ძნელი და კარანტინის გამოცხადება მოგვიწევდა მთელ საქართველოში”, – აღნიშნა სუბარმა.
კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, 28 მარტს ოკუპირებულ გალში კომენდანტის საათი შემოიღეს. წინა დღით, 27 მარტს, აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა 20 აპრილამდე გაგრძელდება.
ასევე ჩაკეტილია ე.წ. გამშვები პუნქტი ენგურის ხიდზე. რუსეთთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტი „ფსოუ“ თავდაპირველად ღია დატოვეს, თუმცა 28 მარტს რუსეთთანაც ჩაიკეტა საზღვარი.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.