მარნეულის მერიასთან, სადაც მოსახლეობა შეიკრიბა, სამართალდამცველები მივიდნენ

1113

წინა სტატია

შემდეგი სტატია

მარნეულის მერიასთან, სადაც მოსახლეობა შეიკრიბა, სამართალდამცველები მივიდნენ. სამართალდამცველებმა მოსახლეობას დისტანციის და საკარანტინე რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდეს. შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიცია აქტიურად პატრულირებს მარნეულში, სამართალდამცველები ამ ლოკაციაზეც რჩებიან და ვითარებას აკვირდებიან.

დღეს დილიდან მარნეულის მერიასთან მოსახლეობა შეიკრიბა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები მერიასთან მივიდნენ და მუნიციპალიტეტს სხვადასხვა საჭიროებებთან დაკავშირებით დახმარებას სთხოვენ.

მოსახლეობის უმეტესობის პროტესტი მარნეულში შექმნილმა მძიმე ეკონომუკურმა ფონმა გამოიწვია. ამბობენ, რომ სოფლებში პროდუქტებზე ფასები გაიზარდა, მათ კი საკვების შესაძენად საკმარისი თანხა არ აქვთ.

ადგილზე იმყოფებოდა მარნეულის მერი, რომელმაც მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ დახმარება გარკვეული ჯგუფებისთვის არის და ისინი ამ დახმარებას მიიღებენ.

„იცით, რომ ვეხმარებით გარკვეულ ოჯახებს. სამწუხაროდ, გარკვეულ ოჯახებში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ყველამ უნდა მიიღოს ეს დახმარება, თუმცა ეს დახმარება არის გარკვეული ჯგუფებისთვის. ჩვენ სიები გვაქვს და მივალთ ყველა ოჯახში, ყველას დავეხმარებით… მე ახლა იტალიელი მერების მსგავსად, ემოციურად, მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ დარჩნენ სახლებში და ნუ გამოვლენ გარეთ,“ – განაცხადა მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.

მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.