ორივე მუნიციპალიტეტში მობილური ჯგუფები აგრძელებენ ტემპერატურულ სკრინინგს, მარნეულში სულ შემოწმებულია 80 788 ადამიანი. ბოლნისში 25 967. ჯამში 106 755 ადამიანია ტემპერატურულსკრინინგ გავლილი და შემოწმებული, – ამის შესახებ ქვემო ქართლის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე განმარტებით, სიმკაცრემ და სანქციებმა შედეგი გამოიღო და მოქალაქეებისგან ქუჩები დაცლილია. „ყველა მიმართულებით გვაქვს თადარიგი, ერთობლივი ძალისხმევით ველით, რომ პროცესები არ გაგვექცევა“, – აღნიშნა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 97 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.