“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მთავრობისგან სწრაფი ტესტების შეძენაზე კონტრაქტების გასაჯაროებას ითხოვს

499

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მთავრობისგან სწრაფი ტესტების შეძენაზე კონტრაქტების გასაჯაროებას ითხოვს, – აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სალომე სამადაშვილმა ისაუბრა.

“გაგვიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საზოგადოების ინტერესი – მოვიპოვოთ სარწმუნო, შეღავათიანი და სწრაფი ტესტი რაც შეიძლება სწრაფად, ბიძინა ივანიშვილის კარზე ახალი დაპირისპირების დასაწყისი გახდა. სხვადასხვა ჯგუფები ცდილობენ ეს კონტრაქტები ჩაიგდონ ხელში. მოვითხოვთ, მოგვაწოდონ სრული ინფორმაცია ყველა იმ მოლაპარაკებაზე, რომელიც მიმდინარეობს ტესტების შეძენის თაობაზე”, – განაცხადა სამადაშვილმა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ჩინურ კომპანია BIOEASY-თან სწრაფ ტესტებზე დადებული ხელშეკრულება გააუქმა. როგორც სამინისტროში განაცხადეს, ტესტების გარკვეულ პარტიას ხარვეზები აღმოაჩნდა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 90 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.