საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, საპატრულო პოლიციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს ჩაბარდა. ამის შესახებ ინტერპრესნიუსი წერს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია.
შსს-ს ცნობით, ორგანიზაციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ ზუგდიდში, 100 პირზე მეტი ადამიანი შეკრიბა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
დღეს, “ახალი ლიდერების ინიციატივითა” და “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” მხარდაჭერით, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს.
სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რამაც დისტანცირების მხრივ პრობლემები შექმნა, ადგილზე კი სულ რამდენიმე პოლიციელი იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 81 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 13 უკვე გამოჯანმრთელდა.