საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს და 2022 წლის პირველ კვარტალში, სამცხე–ჯავახეთში, მშენებლობის 417 ნებართვა გაიცა. სტატისტიკის თანახმად, ბოლო 16 წელში, სამცხე–ჯავახეთში, მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა 2021 წელს გაიცა.
2021 წელს და 2022 წლის პირველ კვარტალში, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების სტატისტიკური მონაცემები მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგია:
- ბორჯომის მუნიციპალიტეტი– 201 ნებართვა;
- ახალციხის მუნიციპალიტეტი– 96 ნებართვა;
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტი– 53 ნებართვა;
- ადიგენის მუნიციპალიტეტი– 29 ნებართვა;
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი– 21 ნებართვა;
- ასპინძის მუნიციპალიტეტი– 17 ნებართვა (2022 წლის მონაცემები კვლევაში არ არის ასახული).
ქალაქებისა თუ სოფლების არასწორი, ქაოტური განვითარებისთვის თავიდან ასაცილებლად, განაშენიანების გენერალური გეგმის არსებობა მნიშვნელოვანია. ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ,ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს.
სამცხე–ჯავახეთში არსებული ექვსი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრებიდან, განაშენიანების გენერალური გეგმა მხოლოდ ბორჯომს აქვს. გარდა ბორჯომისა, გენგეგმა შემუშავებულია ბაკურიანისთვის, დიდი მიტარბის და აბასთუმნისთვის. მიუხედავად არსებული დოკუმენტისა, დღემდე, აღნიშნულ ტერიტორიულ ერთეულებში, გასაკუთრებით კი ბაკურიანში, მშენებლობები ქაოტურად, ზოგჯერ კი უკანონოდაც მიმდინარეობს.
როდის შეიმუშავებენ ქალაქების სწორი განვითარებისთვის საჭირო დოკუმენტს დარჩენილი მუნიციპალიტეტების თვითმმართველობები, ამ დროისთვის უცნობია.