ახალქალაქში გზების გაწმენდის ტენდერი ორჯერ ჩაიშალა

412

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ გზების თოვლისგან გაწმენდის უზრუნველყოფაზე ტენდერი 100 000 ლარზე ორჯერ გამოაცხადა. ორივე შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობა არავის მიუღია. ამ დროისთვის უცნობია ვინ გაწმენდს მუნიციპალიტეტში გზებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

მერიის მიერ ტენდერი თავდაპირველად 2021 წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა. წინადადების მიღება 7 დეკემბერს დაიწყო და 9 დეკემბერს ისე დასრულდა, რომ მონაწილეობა არავის მიუღია. ამავე დღეს მერიამ ტენდერი მეორედ გამოაცხადა, წინადადების მიღება კი 18 დეკემბერს დაიწყო და 20 დეკემბერს დასრულდა, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე ვნახულობთ მონაწილეობა კვლავ არცერთ კომპანიას არ მიუღია.

მიუხედავად ჩაშლილი ტენდერებისა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, მელქონ მაკარიანი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი გზების გასუფთავების გარეშე  არ დარჩება.

„ყველაფერს გავაკეთებთ კანონის ფარგლებში, ისე როგორც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის იქნება კარგი.ისე გავაკეთებთ რომ პრობლემა არ შეგვექმნება“,- გვითხრა მელქონ მაკარიანმა.