მოძრაობა „შინ ევროპისკენ“: მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებში “ოცნების“ მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები ხელს გვიშლიან

419

მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ განცხადებით, მათი ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოსახლეობასთან გამართულ პროევროპულ შეხვედრებში  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები ხელს უშლიან.

ორგანიზაცია მმართველ პარტიას კონტრპროდუქტიული პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რადგან მათი თქმით, ეს ქვეყნის რეპუტაციას უკიდურესად აზიანებს.

მათივე განცხადებით, აღნიშნულია ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულია.

„მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ხელის შეშლის იმ მართულ და ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენი მოძრაობის წევრებისა და მხარდამჭერების რეგიონებში მოსახლეობასთან მიმდინარე შეხვედრების დროს ადგილი აქვს.

მოძრაობის წევრები 3 ივლისს თბილისში დაანონსებული აქციის წინ, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელობასა და ამ მიზნით რეფორმების იმ 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე, რაც ჩვენს ქვეყანას წევრობის სტატუსის მისაღებად ევროსტრუქტურებმა წლის ბოლომდე განუსაზღვრეს. ჩვენ არ გვჯერა, რომ მთავრობა ამ რეკომენდაციებს შეასრულებს, ამიტომ ვითხოვთ ეს მისია „ეროვნული თანხმობის მთავრობამ – ევროკავშირისთვის“ იკისროს.

თელავში, ხონში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში ასევე, თბილისში სტუდენტებთან საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებისას წინასწარ დაანონსებულ შეხვედრებს ხელი შეუშალეს და მათი ჩაშლა აგრესიულად განწყობილმა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა და საჯარო მოხელეებმა სცადეს. რიგ შემთხვევებში ეს ადამიანები ჩვენს წარმომადგენლებს შეხვედრებზე ორგანიზებულად და ჯგუფურად დაჰყვებიან და მათ მსვლელობაში დესტრუქციულად ერევიან.

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ეს ქმედებები დანაშაულის ნიშნებს შეიცავენ, კერძოდ, სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული შეკრების უფლების ხელყოფა.

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას მათთვისვე კონტრპროდუქტიული პროვოკაციები შეწყვიტოს, რაც ქვეყნის რეპუტაციას უკიდურესად აზიანებს.

მოძრაობა “შინ ევროპისკენ” მკაფიოდ აცხადებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ შეკრების მშვიდობიანი ფორმების ერთგულია და სამართალდამცავებს მოუწოდებს, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება უზრუნველყონ და პროვოკაციები ადგილზევე აღკვეთონ.

მსგავსი წინააღმდეგობა, კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვძენს და გვარწმუნებს იმაში, რომ სწორ საქმეს ვემსახურებით, რომელსაც თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად გავაგრძელებთ,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდში, ხონსა და თელავში ჩავიდნენ, სადაც მოქალაქეებთან უნდა ესაუბრათ 3 ივლისს, დედაქალაქში დაგეგმილ აქციაზე, რომელიც საქართველოს და დასავლური კურსისკენ სვლას ეხება, ასევე, უნდა ესაუბრათ ევროკომისიის მიერ გაცემულ იმ 12 პუნქტზე, რომელიც საქართველომ ევროკავშირში წევრობისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.

როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, მუნიციპალიტეტებში ჩასულებს, სადაც ევროინტეგრაციაზე საინფორმაციო შეხვედრა უნდა ეწარმოებინათ, დახვდნენ „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივისტები, იყო ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება.

კონკრეტულად თელავში შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო თელავის ეროვნული მუზეუმის ტერიტორიაზე, ადგილზე მისულ სამოქალაქო საზოგადოებას დახვდნენ პირები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებისგან ითხოვდნენ დაეგმოთ ლევან ბერძენიშვილი ერეკლე მეფის მიმართ გამოთქმული მოსაზრების გამო. საკრებულოს წევრებმა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭიშკართან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და მოძრაობის წარმომადგენლებს შესვლის საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით სახალხო მოძრაობის წევრებმა მუზემიდან რამდენიმე ასეულ მეტრში გადაინაცვლეს.

ვიდეოკადრები იხილეთ ბმულზე.

ასევე, დაპირისპირება მოხდა ბათუმშიც. როგორც „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, „შინ ევროპისკენ“ კამპანიის ფარგლებში ისინი ბულვარში ბროშურებს არიგებდნენ, რა დროსაც მათ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თავს დაესხნენ. მისი თქმით, მათ გამოიძახეს პოლიცია, თუმცა. ამ დრომდე სამართალდამცველები ადგილზე არ მისულან.

ვიდეოკადრები იხილეთ ბმულზე.

დაპირისპირება მოხდა თბილისშიც. სტუდენტების განცხადებით, რომლებიც 3 ივლისს დაგეგმილი აქციის -“შინ ევროპისთვის” ფლაერებს თსუ-ს მაღლივ კორპუსში არიგებდნენ, “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

სტუდენტების განცხადებით, მათ აქციასა და ქვეყნის პროდასავლურობაზე საინფორმაციო ტიპის შეხვედრა უნდა ჩაეტარებინათ და შეხვედრის ფარგლებში სპეციალურ ბროშურებს არიგებდნენ.

მათივე განმარტებით, ადგილზე მივიდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყეს და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. დაპირისპირება სტუდენტებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

„ადგილზე მოიყვანეს „ქართული ოცნების“ „ზონდერები“. აქვე არის ისნის გამგეობის წევრი, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელია. მოვიდნენ, დაიწყეს გინება, ფიზიკური დაპირისპირება. სპორტსმენი ხალხი ჰყავთ მოყვანილი და მათ აცემინეს სტუდენტები. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სხვა არაფერი დარჩენია, გადავიდა სტუდენტების ცემაზე“, – აცხადებს „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენელი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ვიდეოკადრები იხილეთ ბმულზე.

დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია შეხვედრას სამტრედიაშიც, მთავარი არიხის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოში, ქვეყნის “ომში ჩართვის” სურვილში დაადანაშაულეს და სამშობლოს მოღალატე უწოდეს.

“თავისთავად იქნება ევროპა და ყველაფერი… რატო მეპატიჟები აქციაზე?!”, “უნამუსოები ხართ და უსინდისოები…. ომი გინდათ! ომიი!”, მაგის გულიზა ხართ ჩამოსული ომი რო დეიწყოთ”, “მაგის გულიზა ჩამოიყვანეთ მიშა, მარა ვერ ეღირსებით”, –  ასე დაუპირისპირდა “ოცნების” პარტაქტივი სამტრედიაში გიგი გიგიაძეს.

მთავარი არიხის  ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერების გაღიზიანება სახალხო მოძრაობის კამპანიამ “შინ ევროპისკენ” გამოიწვია.

ვიდეოკადრები იხილეთ ბმულზე.