ბათუმის მერიაში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა. საკრებულოს დეპუტატები ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” დღეს მერიაში მივიდნენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ოპოზიციონერი დეპუტატები შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის შეჩერებას აპროტესტებენ. რეზო ხარაზის თქმით, არჩილ ჩიქოვანმა კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა, რის გამოც სამუშაოები შეჩრდა.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, მერთან სამუშაო შეხვედრაზე მისულს გაძლიერებული დაცვა და ე.წ. ბარიკადები დაახვედრეს
”სამსახურში მოვედი საკრებულოს წევრები და მოვიტანეთ კონკრეტული კორუფციული თემა. ბატონმა ჩიქოვანმა 2020 წელს ხელი მოაწერა ხელშეკრულების გაწყვეტას 60 მილიონიან პროექტზე და ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ჯიბიდან ამოაცალა მილიონები, რომელიც წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციისთვის იყო განკუთვნილი. მინდა შეხვედრა მერთან, ვიცე-მერთან. რომელი საათია და სამსახურში არ ბრძანდებიან… მეორე – ბარიკადები მოაწყვეს. გუშინ ტელევიზიების გარეშე მოვედით აქ და სამწუხაროდ 50-მდე პოლიციელი დაგვახვედრეს. დღეს კი მერის კაბინეტთან ბარიკადები დაგვახვედრეს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ბათუმს ყავს კორუმპირებული მერი, რომელიც კითხვებს პასუხს არ სცემს”, – განაცხადა რეზო ხარაზმა.
თავდაპირველად მერიაში ვიცე-მერი მივიდა. ლევან დავითაძემ რეზო ხარაზს განუცხადა, რომ შეხვედრა ჰქონდა.
”10 საათზე მაქვს შეხვედრა, საუბარი ნებისმიერ დროს შეიძლება, მაგრამ შეთანხმებით. მერია არის გამჭვირვალე, მოგვმართეთ ოფიციალურად და მიიღებთ შესაბამის პასუხს. უკვე ათი წუთი დავაგვიანე შეხვედრაზე. შეხვედრა გინდათ აიღეთ საშვი და შემოდით,” – უთხრა ვიცე-მერმა ოპოზიციონერ დეპუტატს.
მოგვიანებით კი არჩილ ჩიქოვანი მივიდა, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეძახილებით გააცილეს. მერი არ გაჩერებულა.
”ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამ დრომდე მერიის შენობაში რჩებიან.