წალენჯიხაში “ოცნების” წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – დაჭრილია ერთი პირი

468

ბიზნესის გამო დაწყებული დავა წალენჯიხაში ქართული ოცნების წევრებს შორის საქმის გარჩევაში გადაიზარდა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.

“ქართული ოცნების” დეპუტატი წალენჯიხის საკრებულოდან დავით ბელქანია და პარლამენტის ყოფილი წევრი ქართული ოცნებიდან, დღეს კი, წალენჯიხაში პარტია “ქართული ოცნების” ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგა გულორდავა დაუპირისპირდნენ, მმართველი პარტიის აქტიურ მხარდამჭერსა და აქტივისტს – მერაბ კვარაცხელიას, რომლის ძმაც საკრებულოში გახარიას პარტიას წარმოადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი წალენჯიხის ცენტრში არსებული მიწის ნაკვეთი გახდა, რომელიც, დაახლოებით, 1 კვირის წინ სწორედ ბელქანიამ და გულორდავამ ეკონომიკის სამინისტროსგან ნახევარ მილიონ ლარად შეიძინეს და ამ ნაკვეთზე, სავარაუდოდ, ბეტონის ქარხანა უნდა აშენდეს.

როგორც ირკვევა, მანამდე მერაბ კვარაცხელია ცდილობდა ამ ნაკვეთის შესყიდვას ეკონომიკის სამინისტროსგან და როგორც, ბელქანიას, ასევე, გულორდავას წილებს ჰპირდებოდა. ხოლო, მას შემდეგ, რაც გულორდავამ და ბელქანიამ კვარაცხელიას გვერდის ავლით შეისყიდეს მიწის ნაკვეთი და სხვის სახელზე გააფორმეს, მათ ერთმანეთი ამბის გასარჩევად დაიბარეს.

სიტყვიერი გარჩევისას დაჭრეს მერაბ კვარაცხელია. დაჭრის ფაქტს ადასტურებს დაჭრილის ძმა, გონერ კვარაცხელია, თუმცა, აცხადებს, რომ დაპირისპირება საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა და მისი ძმა მხარსა და ზურგის არეშია დაჭრილი.

ამჟამად დავით ბელქანია მის საცხოვრებელ სახლში არ იმყოფება. ოჯახის წევრების თქმით, ისინი არ ფლობენ მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ გოგა გულორდავა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი იყო.