დავალიანების გამო მოსახლეობისთვის გაზის შეწყვეტა დაიწყო

997

„უკვე ვუთიშავთ ყველას. საგანგებო მდგომარეობა 21–ში გამოცხადდა, ხალხს გადასახადი კი 15–ში უნდა გადაეხადათ, თუმცა კიდე ვაცადე რამდენიმე დღე და ვინც არ გადაიხადა ყველას ჩაჭრები დავიწყეთ. ეხლა ვიღაცამ რომ მითხრას საგანგებო მდგომარეობაა და ვერ ვიხდიო ეგაა ზღაპარი, ამ ხალხს თებერვლისა უნდა გადაეხადა და შეღავათი რატომ უნდა გავუწიოთ?!“,- აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი ვასო აბულაძე. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

შეიძლება თუ არა მარტის გადასახადს რაიმე შეღავათი შეეხოს ამაზე აბულაძე გვპასუხობს, რომ კომპანია მოიფიქრებს და განიხილავს საკითხს:„ვნახოთ რა იქნება მარტში“.

რეგიონში ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანია, „სოკარი“, „ინტერგაზი“ და ჯავახეთში მოქმედი „ეს ჯი გაზი“.

მოქალაქეებისთვის დავალიანების გადავადებას არც „სოკარი“ აპირებს. კომპანიის თქმით, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

დავალიანების გადავადებას არ განიხილავენ არც „ეს-ჯი-ში“. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, რაზმიკ ღუმაშიანის განმარტებით, ისინი გაზს „სოკარისგან“ ყიდულობენ, ამიტომ გადავადების შემთხვევაში, თვითონ მოუწევთ „სოკარისთვის“ ჯარიმის გადახდა.

„ხალხმა გაზის გადასახადი 18-ში უნდა გადაიხადოს, მაგრამ ვინც ვერ გადაიხადა ჯერ არ ჩამიჭრია. ჩვენ გაზს ვყიდულობთ „სოკარისგან“, მასზე ვართ დამოკიდებულები. 25-ში კიდევ „სოკართან“ გვიწევს ანგარიშის გასწორება ხოლმე. თუ ვიღაცამ არ გადაიხადა, მერე ჩვენ ვიხდით ამის გამო ჯარიმას. ახლა დღეის მერე დავიწყებ უკვე ჩაჭრებს. რაიმე შეღავათების შესახებ არც მთავრობაშია საუბარი და ჩვენ რა უნდა ვქნათ“,- ამბობს რაზმიკ ღუმაშიანი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, ჯერ კიდევ 18 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, გააკეთა კომენტარი, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, კომუნალური დავალიანების გადავადების საკითხი ჯერ არ განიხილება.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.