რომელი მოწვევის საკრებულო დაამტკიცებს 2022 წლის ბიუჯეტს სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში

499

სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოები 2022 წლის ბიუჯეტს განიხილავენ. მათმა უმრავლესობამ მთავარი ფინანსური დოკუმენტი შენიშვნებით მერიაში უკვე გაადაგზავნა. საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეების განცხადებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ახალი მოწვევის საკრებულოები დაამტკიცებენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, ახალმა საკრებულოებმა პირველი სხდომა მომდევნო პარასკევს, 3 დეკემბერს უნდა გამართონ. ამ თემაზე სამხრეთის კარიბჭე წერს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გელა ნოზაძის განცხადებით, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მერიას შენიშვნებით გადაეგზავნა, 10 დეკემბრამდე, ახალი მოწვევის საკრებულოს მიერ უნდა დამტკიცდეს. მისი თქმით, ერთ–ერთი რეკომენდაცია, რაც საკრებულომ გასცა, ა(ა)იპ–ების დაფინანსების გაზრდაა, მათ შორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. ხელფასების 10%–იანი ზრდაა დაგეგმილი საჯარო მოხელეებისთვისაც.

„მთავრობის განკარგულებით, 10%–იანი დანამატი იქნება საჯარო მოხელეების ანაზღაურებაზე. ძირითადად მერიის სამსახურებს შეეხება ეს. ჩვენ შენიშვნებშიც გათვალისწინებული გვაქვს. არის მზაობაც, რომ მატება იქნება. საბავშვო ბაღში აღმზრდელს 200 ლარი რომ აქვს ხელფასი ნორმალურია? მოხდეს მატება“,–ამბობს გელა ნოზაძე.

ა(ა)იპ–ების დაფინანსების გაზრდაზე საუბრობს ადიგენის საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე, იმედა მღებრიშვილიც. იგი ამბობს, რომ სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, ადიგენში ხელფასები ბევრად ნაკლებია.

„არის ა(ა)იპ–ები, სადაც ძალიან დაბალი ანაზღაურებებია. ესენია მაგალითად ბიბლიოთეკები,  საბავშო ბაღები. სახელფასო ფონდი, ამ ეტაპზე, ძალიან უმნიშვნელოდ, მაქსიმუმ 15%–ით გაიზრდება, რაც ძირითადად ა(ა)იპებთან დაკავშირებით არის. სხვათაშორის, ადიგენის მუნიციპალიტეტი არის ერთ–ერთი, სადაც სპეციალისტებზე (სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით) ყველაზე დაბალი ხელფასებია. ხელზე ასაღები ხელფასი არის 530–540 ლარი, როდესაც სახელფასო ფონდი, მაგალითად ახალციხეში, ბორჯომში ან ასპინძაში არის თითქმის ორმაგი. მერიას გადავუგზავნეთ შენიშვნები. გარდა ამისა, ჩვენი შენიშვნები ძირითადად სოციალურ პროგრამებთან, ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებით იყო“,–აცხადებს ის.

ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაან აროიანი გვპასუხობს, რომ 2022 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს ახალი მოწვევის საკრებულო მიიღებს. საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ცენტრალური ხელისუფლებიდან ელიან. ბიუჯეტის პროექტი ამჟამად მერიაშია გადაგზავნილი.

„შენიშვნები ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხებოდა. იყო ახალგაზრდების ინიციატივა, რომ სარბენი ბილიკის ინფრასტრუქტურა მოწყობილიყო ტბის გარშემო. იყო შენიშვნა სოციალური პაკეტის გაუმჯობესების თაობაზეც. მაგალითად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის ჩვენს მუნიციპალიტეტში თავშესაფარი არ არის და ბინის ქირის თანხა რომ იყოს გათვალისწინებული (2022 წლის ბიუჯეტში). ბიუჯეტს ახალი საკრებულო დაამტკიცებს დეკემბრის შუა რიცხვებში“,–ამბობს იგი.

ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა მელიქიძის თქმით, ცენტრალური ხელისუფლებიდან დაანონსებულია სახელფასო ფონდის მატება.

„ხელფასების ზრდა დაანონსებულია ცენტრალური მთავრობიდან, რაც გარკვეული კოეფიციენტების მიხედვით მოხდება. ამ ეტაპზე თანამშრომლების მატება არ იგეგმება“,– აცხადებს მამუკა მელიქიძე.

ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, თანამშრომლებზე ხელფასებს იმ შემთხვევაში გაზრდიან, თუ ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა დარჩება. საკანონმდებლო ორგანომ ბიუჯეტის პროექტი მერიას უკვე დაუბრუნა.

„როგორც კანონში წერია, 25 ნოემბრამდე უნდა დავუბრონოთ მერიას ბიუჯეტის პროექტი და დავუბრუნეთ. ჯერჯერობით ააიპ-ების და სსიპ-ების ხელფასების გაზრდის საკითხი არ დგას“,–აცხადებს ნაირ ირიციანი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, 25 ნოემბერს გამოცემული განკარგულების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი სხდომები 3 დეკემბერს გაიმართება.

სამცხე–ჯავახეთში, წინა მოწვევის საკრებულოებში, თავმჯდომარის პოზიციას ექვსივე მუნიციპალიტეტში, მმართველი პარტია, „ქართული ოცნების“ დეპუტატები იკავებდნენ. 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში, სამცხე–ჯავახეთში, უმრავლესობა კვლავ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.

მოიწონებს თუ არა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს ახალი მოწვევის საკრებულო და დაუჭერს თუ არა მხარს, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

დღეს ბიუჯეტის პროექტის დაჩქარებული წესით დამკიცებას ხმაური მოჰყვა ბათუმსა და ზუგდიდში, ორივე ქალაქის საკრებულო ოპოზიციურია. “ნეტგაზეთის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ენმ-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური საკრებულოების მიერ ბიუჯეტის შესაძლო ჩაგდებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შიშით არის განპირობებული, “ოცნებაში” კი ამბობენ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ისინი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გრაფიკს მიჰყვებიან.