22 ნოემბერს სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან და მათ მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც რეგიონში მიმდინარე და მომავალ წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. გარდა ამისა, იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასა და პანდემიის შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„განვიხილეთ 2021 წლის მიმდინარე პროექტები და დავგეგმეთ 2022 წლის განსახორციელებელი პროექტები. ყველა პროექტი უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობის სოციალური საკითხები და ეს უნდა აისახოს ბიუჯეტში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი საკითხია კოვიდვითარება, პანდემია და მის მართვა. ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა და ასევე ვაქცინაცია. ჩვენი ვალდებულებაა ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად მთავრობის გადაწყვეტილების სწორად მიტანა მოსახლეობამდე. სწორედ ეს დავალებები მიიღეს მერებმა, მნიშვნელოვანია, რომ მათი წარმომადგენლების მეშვეობით, მოსახლეობამ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს“, – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სარაგბო კლუბ „ტაოს“ ეხებოდა. აღნიშნული კლუბი ინტერმუნიციპალურია და მის შესანახად და განსავითარებლად, მუნიციპალიტეტები ყოველწლიურად ბიუჯეტებიდან გარკვეული ოდენობის თანხას გამოყოფენ.
„მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი სარაგბო კლუბი „ტაო“, რომელიც რეგიონს წარმოადგენს და ეს არის უნიკალური პროექტი, ინტერმუნიციპალური ააიპ–ი, რომელსაც ყველა მუნიციპალიტეტი თანაბრად აფინანსებს. გვაქვს გარკვეული წარმატებები 2021 წელს და ჩვენი მიზანია, რომ სარაგბო კლუბი „ტაო“ დიდ ათეულში, უმაღლეს ლიგაში გადავიდეს, ამიტომ მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოთ“, – განმარტა ამირანაშვილმა.
სამუშო შეხვედრას მუნიციპალიტეტის ექვსი მერიდან, ორი მათგანი ესწრებოდა. ასპინძის და ახალციხის მერებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.